LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავინ იფიქროს, რომ ახალ “მიშელის დოკუმენტს” 2 დღეში და 2 თვეში დავდებთ: ზურაბიშვილი საყოველთაო შერიგებაზე

347
სალომე-ზურაბიშვილი

“არავინ იფიქროს, რომ ორ დღეში და ორ თვეში დავდებთ ახალ “მიშელის დოკუმენტს”, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას საყოველთაო შეთანხმების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი დროს მოითხოვს და შედეგის მისაღწევად ასევე აუცილებელია საზოგადოების ჩართულობაც:

“არავინ იფიქროს, რომ ორ დღეში და ორ თვეში დავდებთ ახალ “მიშელის დოკუმენტს”. ეს არ არის ამის მიზანი. მიზანია, გავიგოთ, რა იყო ჩვენი წარსული, რა იყო ამ წარსულში ისეთი რაღაცები, რაც უნდა გამოსწორდეს იმისთვის, რომ ის, რაც მოხდა, არასოდეს განმეორდეს.

ეს რთულია, ეს არის პროცესი, რომელშიც მთლიანად საზოგადოება უნდა იყოს ჩართული, ეს არ არის პროცესი მართული პოლიტიკური პარტიების მიერ და როცა ვამბობთ საზოგადოება, პირველ რიგში, რეგიონებიც უნდა იყვნენ ჩართულები იმავე დონეზე და იმისთვის, რომ ეს პროცესის გამჭვირვალეობა იყოს ბოლომდე მიყვანილი საზოგადოებამდე, მე ვაპირებ, რომ რეგიონებში გავმართო შეხვედრები.” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეხვედრის ამსახველ ვიდეოს “ჰერეთი” ავრცელებს. მათივე ცნობით, პრეზიდენტმა რეგიონული მედიის 50-მდე წარმომადგენელს უმასპინძლა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი “ეროვნული თანხმობის” პროცესის ფარგლებში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. პრეზიდენტი ასევე შეხვდა სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას.