რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის საახალწლო გადაცემას „არის 2026“ დათო ნეფარიძე სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს სიმღერა „მოვა ზამთარი“ წარუდგინა.
დათო, რატომ მოანატრე გულშემატკივარს თავი?
არ ვიცი, ალბათ, სიმღერის ხასიათზე არ ვიყავი, მაგრამ სიმღერის გარეშე მაინც არ შემიძლია.
რამდენად გიყვართ ახალი წლის დღესასწაული და როგორ ემზადებით?
ბავშვობიდან ჩადებულია ჩვენში, რომ ახალი წელი არის ყველაზე ლამაზი დღესასწაული, როცა ოჯახებში მიდის ფუსფუსი, ადამიანები რაღაც კარგს ელოდებიან… ახალი იმედებით, ახალი წარმატებებით ველით ახალ წელს. ვუსურვებ ყველას, რისი მოლოდინიც აქვთ, ასრულებოდეთ.

გჯერათ, რომ ახალ წელს ჩაფიქრებული სურვილები სრულდება?
ყველა ადამიანს თავისი თავის, თავისი შრომის იმედი უნდა ჰქონდეს. სურვილი უნდა გვქონდეს, რომლისთვისაც ვიშრომებთ, რომ ავისრულოთ. სურვილი რომ ჩაიფიქრო და ელოდო, ამისრულდებაო, რახან ახალ წელს ჩაიფიქრე, სწორი არ არის.
უკვე თუ გაქვთ გარკვეული მიზნები და გეგმები 2026 წლისთვის?
რა თქმა უნდა. არის რამდენიმე სიმღერა, რომელიც აუცილებლად მინდა, რომ ჩავწერო, რადგან გარდა იმისა, რომ მეც მომწონს, ახლობლებიც მეხვეწებიან ამ სიმღერების ჩაწერას.
რამდენიმე ცნობილ კომპოზიტორს ვთხოვე, რომ ჩემი ხმისთვის რაიმე ისეთი სიმღერა დაეწერათ, მაგრამ სამწუხაროდ, არცერთმა კომპოზიტორმა არ დაწერა. ამაოდ ველოდე.

ვისაუბროთ სიმღერაზე „მოვა ზამთარი“.
ეს არის გოდერძი ჩოხელის ლექსი. მე ვთვლი, რომ ეს ადამიანი გენიოსი იყო. ამ ორსტროფიან ლექსში სევდა, სიყვარული, სითბო, ყველაფერი ერთად არის და რომ წავიკითხე, ძილში ჩამყვა. დილით, რომ გავიღვიძე, მელოდია თავისით იყო შექმნილი, ამომემღერა. ვიფიქრე, თავიდან არ გამიქრეს-მეთქი, ეგრევე ვიმღერე, ტელეფონით ჩავიწერე და სოციალურ ქსელში დავდე. რამდენიმე ხნის მერე, ჩემმა მეგობარმა, კარგმა მუსიკოსმა, ნუგზარ აფაქიძემ დამირეკა და მითხრა, ამ სიმღერაზე რაღაც გავაკეთეო. როდესაც თავისი ნამუშევარი მაჩვენა, იმდენად მომეწონა, იმდენად კარგი იყო, რომ ამ სიმღერაზე მუშაობა დავიწყეთ. ვთვლიდი, რომ სჭირდებოდა ცოცხალი ბენდი, რომელიც ამას ხელს მოჰკიდებდა და ცოცხლად ჩაიწერებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოვიდა, მოგეხსენებათ, ამას ბენდის დაქირავება, რეპეტიციები სჭირდება. ვფიქრობ, რომ ამ სიმღერას აუცილებლად კიდევ გავაკეთებ, ოღონდ ბენდთან ერთად.
აღნიშნული ვერსია გააკეთა ჩემმა მეგობარმა, გივი უსენაშვილმა, რომელიც აზერბაიჯანში მოღვაწეობს. წავედი აზერბაიჯანში და ერთად ვიმუშავეთ, რამდენიმე ინსტრუმენტიც ჩავწერეთ ცოცხლად. იმედია, რომ მსმენელს მოეწონება. მე არ ვარ კომპოზიტორი, არავინ თქვას, კომპოზიტორობა დაიწყოო, უბრალოდ, ეს სიმღერა რაღაც გულის ამოძახილია. ისეთი ღრმა ლექსია, მისტიკური…
დათო ნეფარიძე – მოვა ზამთარი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
დათო ნეფარიძე. “არის 2026” წინასაახალწლო გადაცემა