რადიო „არ დაიდარდოზე“, თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“, რუსა მორჩილაძე სტუმრობდა, რომელმაც ქართულ შოუბიზნესზე, თავის შემოქმედებაზე ისაუბრა და მსმენელს რამდენიმე სიმღერა წარუდგინა.
რუსა, მოგვიყევი სიმღერაზე – „იასამანი“.
დედა მეხვეწება ხოლმე – ეს სიმღერა არ იმღერო რა, დედა, ისეთი სიტყვებია, სულ გული მეთუთქება და მეწვებაო… მეც მეშინია, ეს „იასამანი“ და „აიარა“ აღარ მინდა, იმიტომ, რომ ძალიან საშიში სიტყვებია… მინდა, ბედნიერი ტექსტები ვიმღერო. სევდიანი შეიძლება იყოს სიმღერა, მაგრამ რაღაც სიტყვები არის შიგნით, ცოტა მეჩვენება, რომ კოდირებულია და არ მინდა, რომ ვიმღერო.
სიმღერის ტექსტი ბატონი ანზორ სალუქვაძისაა, არანჟირება ცირა ბზიშვილმა გააკეთა. ნამდვილად ძალიან მაგარი არანჟირებაა.

შენს რეპერტუარში ყველა სიმღერა ჰიტია, როგორ ახერხებ ამას?
ამდენი წელია ამ სფეროში ვარ, 15 წლიდან ვწერ… ხომ ხვდებით, რამდენჯერ დაუსვამთ ეს შეკითხვა და მიფიქრია ამაზე… არ მიყვარს რეცეპტების გაცემა, რომ წარმატება აქედან მოდის, ჰიტი იმიტომ არის, რომ ასე გავაკეთე და ა.შ. ამაზე ერთი პასუხი მაქვს, შენ როგორი ტიპიც ხარ, როგორც გიდუღს შიგნიდან, როგორი ენერგიის მატარებელიც ხარ, როგორც განიცდი, როგორი ფლუიდებიც გაქვს, როგორი შეგრძნებები, დამოკიდებულებებიც და ურთიერთობის ფორმები, აღქმები გაქვს, აი, ასეთ მუსიკას წერ. ჰიტდება და უყვარდება ადამიანს იმიტომ, რომ ის ენერგიაა, როგორც შენ გემღერება შიგნიდან და რა ტიპიც შენ ხარ ურთიერთობებში, როგორც ცხოვრობ, როგორც დადიხარ, მოძრაობ, როგორც აკეთებ ყველაფერს, ეგეთ მუსიკას წერ.
როგორ ურჩევ ხოლმე მომღერალს კონკრეტულ ჟანრს?
მოსულა ჩემთან მომღერალი, რომელიც წლებია, ერთ ჟანრში მუშაობს და ფიქრობს, რომ ეს არის მისი და ჩემთან რომ წაუმღერია, რომ შემიხედავს, როგორი ფსიქოტიპი, როგორი გარეგნობა აქვს, როგორი ხასიათი აქვს, მე შემიცვლია ჟანრი, მითხოვია, რომ მენდოს და წარმატებული გამოსულა.

რა ხდება ქართულ შოუბიზნესში, როგორ შეაფასებდი, ასევე თუ იგეგმება შენი შემოქმედებითი საღამო?
ცუდ ხასიათზე დავდექი უკვე (იცინის)… ჩემი შემოქმედებითი საღამო ჯერჯერობით არ იგეგმება და ამას ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს, რომელზეც არ შევჩერდები. საერთოდ, რამდენიმე წელია, შემოქმედებითი საღამო არ მქონია.
გადავიდეთ ჩვენს საცოდავ შოუბიზნესზე… ძალიან მტკივნეული ამბავია… ვერაფრით ვეღარ დავარქმევ ამას შოუბიზნესს, უკან-უკან მიდის. მე არ მინდა ბოროტი ვიყო, რასაკვირველია, ყველას წარმატებას ვუსურვებ, ნამდვილად მინდა, რომ ყველამ კარგად გააკეთოს თავისი საქმე… ადამიანებს რა სჭირთ, იცით?! იღებენ თავიანთ თავზე დიდ პასუხისმგებლობებს და შედიან ისეთ სივრცეში, სადაც ისინი არ არიან მაგრები, ძალიან რბილად რომ ვთქვათ. რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ გამონაკლისები არ იყოს, მაგრამ დიდი პროცენტი და დიდი უმრავლესობა არის არაპროფესიონალური, იგივე ბენდები, როგორც ჟღერს, ეს არის კატასტროფა. ახლა, ტრენდია, რომ ბენდი, ცოცხალი შესრულება უნდა იყოს და სწორიც არის, მაგრამ ეს თუ არის ჩემი კანტორის ბენდი… როიალი რომ მაჟორს უკრავს და გიტარა მინორს, პატრონი რომ არ არის, ვინც შეასწორებს… ან რაღაცნაირი კოლაბორაციები, რაღაცნაირი სასაცილო ვერსიები რომ კეთდება, ამას სახელსაც ვეღარ დავარქმევ. ერთი სიტყვით, დღეს, უნდა ვთქვა, რომ ძალიან დაბალ ნიშნულზეა ყველაფერი.
პატარა რეზიუმე რომ გავაკეთოთ, პერიოდები ჰქონია შოუბიზნესს, რომ გაჩერებული ყოფილა, ახლა, ყველაფერი ქვევით ჩადის ძალიან დიდი სიჩქარით, უგემოვნობის, უხარისხობის და არაადეკვატურობის რაღაცა სინთეზია.

შენი აზრით, რა არის გამოსავალი?
გამოსავალი ის არის, რომ დაზგასთან უნდა მივიდნენ პროფესიონალები, ვინც გამოცდილია და ვისაც წარმატებული გზა აქვს გავლილი. ყველაფერი დალაგდება, ალბათ, ასე მგონია. არ შეიძლება უხარისხობა და უგემოვნობა დიდხანს, საქართველოში ეს აუტანელია.
ვისაუბროთ სიმღერაზე „მე მარტო ვარ“, რომელსაც რატი დურგლიშვილი ასრულებს.
რატი, რა თქმა უნდა, ჩვენი საყვარელი ბიჭია, რომელსაც შევპირდი, დაგიწერ ძალიან საშენო სიმღერას, როგორსაც მე გხედავ-მეთქი და ასეც მოხდა. ტექსტი ირინა სანიკიძისაა.
როგორ შეაფასებდი იმ სიტუაციას, რომ ფაქტობრივად, აღარ იწერება ახალი სიმღერები? ზოგადად, ამბობენ, რომ მთელ მსოფლიოში არის მუსიკის მიმართულებით კრიზისი.
ძალიან ცუდია…
მუსიკა გაქრა და რაღაცა ჩხაკა-ჩხუკები შემოვიდა, ელექტრო ბგერები, ხმაური, ალტერნატიული ვერსიები… მე მაინც მელომანი ვარ და მუსიკის გარეშე მუსიკა როგორ არის, არ ვიცი. ზოგადად, არის ეს ამბავი მთელს მსოფლიოში, ეს კრიზისი, ნამდვილად გაქრა მელოდია და მუსიკა, მაგრამ მარტო მუსიკაში არ ხდება, ადამიანებში ადამიანურობა გაქრა, საჭმელში გემო გაქრა და რა ვიცი, მგონი, ჰაერში ჟანგბადი გაქრა… ეტყობა, ეს ჩვენი საუკუნის ბრალია.
მიუხედავად ამისა, მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ არ ვწერ, რამდენიმე ახალი სიმღერა დავწერე, არ ვჩერდები. „ურსას“, ნინი ბადურაშვილს, თამრიკო გვერდწითელს, დიანა ღურწკაიას დავუწერე სიმღერები.
ნახეთ, რა ხდება, შოუბიზნესი ასეთი წაშლილი რომ არის, ჯერ ერთი, აღარ არის არეალი, რომ შენი შემოქმედება გაიტანო. ყველაფერი გაჩერდა კი არა, ძალიან ცუდი მდგომარეობაა… ძალიან მეცოდება ჩვენი შოუბიზნესი… ჩვენ, რამდენიმე ადამიანმა, ბევრი ვიშრომეთ, რომ იმ საფეხურამდე აგვეწია შოუბიზნესი, ახლა, ყველაფერი ძირს ეშვება და ეს ძალიან საწყენია. მინდა, რომ მომღერლებმა ჩაწერონ ახალი სიმღერები, გადაიღონ კლიპები, იყოს გადაცემა, სადაც ამას მიიტანენ და დაატრიალებენ, იყოს შეჯიბრება, კონკურენცია, მინდა, რომ საქმე ჰქონდეს ხმის რეჟისორს, ოპერატორს.
ვუსურვებ ყველას, რომ აწიონ ხარისხი, ყველას წარმატებას ვუსურვებ…

რას გვეტყვი აჩიკო სოლოღაშვილის სიმღერაზე – „ერთი ღამისთვის“?
აჩიკოს სიმღერა ცირა ბზიშვილმა გააკეთა, ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.

ახლა, ვისაუბროთ სიმღერაზე „სე-ლა-ვი“.
ეს სიმღერა რამდენიმე წლის წინ დავწერე. გააკეთა ბორიკო შხიანმა. ერთი ვერსია მე და ეკა კახიანმა ჩავწერეთ, მაგრამ თქვენთან სოლო ვერსია მოვიტანე.
რუსა მორჩილაძე – იასამანი
რატი დურგლიშვილი – მე მარტო ვარ
აჩიკო სოლოღაშვილი – ერთი ღამისთვის
რუსა მორჩილაძე – სე-ლა-ვი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
რუსა მორჩილაძე. “პრემიერა თაკოსთან”