LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავითარ შემთხვევაში მასთან მიახლოება არც ზღვაში და არც სანაპიროზე, არ შეიძლება!“ – საიდან აღმოჩნდა საბჭოთა წარმოების ნაღმი ბათუმის სანაპიროზე

683
ირაკლი ალადაშვილი ЯМ-ის მოდიფიკაციის, საბჭოთა წარმოების ნაღმზე

გუშინ, 13 თებერვალს, საღამოს 7:00 საათზე, ბათუმის სანაპიროსთან აფეთქება მოხდა. აღნიშნულის ამსახველი ვიდეო მასალა თვითმხილველმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც ნათლად ჩანს, რომ ნაპირთან ახლოს მოტივტივე ობიექტი აფეთქდა. 

სპეციალისტების მოსაზრებით, ამ ვიდეოზე და შემდეგ უკვე აფეთქების სიმძლავრეზეც კარგად ჩანს, რომ ეს იყო მოტივტივე საზღვაო ნაღმი. როგორც სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის – „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, ЯМ-ის [Ящичная Мина] მოდიფიკაციის, საბჭოთა წარმოების ნაღმმა, რომელიც ღუზიდან მოწყდა, სავარაუდოდ, ძალიან დიდი მანძილი გამოიარა და როგორც ჩანს, 1500 კილომეტრი იცურა.

 

როგორ აღმოჩნდა ბათუმის სანაპიროზე საბჭოთა ნაღმი

 

ირაკლი ალადაშვილის თქმით, ასეთი ნაღმებით, 1 წლის წინ, ოდესა-ოჩაკოვის [უკრაინა] სანაპიროს ზოლის გასწვრივ დანაღმვა მოხდა. როგორც „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ამბობს, სანაპირო უკრაინულმა მხარემ დანაღმა, რათა ოდესის სანაპიროზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების საზღვაო დესანტი თავიდან აეცილებინა.

„ამ ფაქტორმა იმუშავა, რუსეთმა ვერ შეძლო საზღვაო დესანტის გადასხმა, მაგრამ რამდენიმე ათეული, [შესაძლოა ცოტა მეტიც] საზღვაო ნაღმისა, რომელიც 12 მეტრის სიღრმის ღუზაზე იყო დამაგრებული, შემდგომმა შტორმმა მოწყვიტა და მათ თავისუფალი ცურვა – ტივტივი დაიწყეს.

მათი ნაწილი მალევე დაფიქსირდა ჯერ რუმინეთის სანაპიროსთან, შემდეგ ბულგარეთთან და თურქეთთან. ამდენად, იქიდან გამომდინარე, თუ როგორია საზღვაო დინებების მიმართულება შავ ზღვაში, [საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო] იწყება ოდესის მხრიდან, მოჰყვება რუმინეთის სანაპიროს, თურქეთის და შემდეგ ამოდის საქართველოში, აჭარის სანაპიროზე.

ადრე თუ გვიან ეს მოსალოდნელი იყო და ამაზე ჯერ კიდევ  გასულ წელს ვაფრთხილებდი, რომ შესაძლოა ჩვენს სანაპიროზეც გამოჩენილიყო, ასეც მოხდა“, – გვითხრა ირაკლი ალადაშვილმა.

იგი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეს პირველი შემთხვევა არ არის და საზღვაო ნაღმი, სადმე, მანამდეც გამოჩნდა, შუა ზღვაში კი ისე აფეთქდა, რომ ვერავინ შეამჩნია.

ალადაშვილის თქმით, აღნიშნული ნაღმი 172 კილოგრამს იწონის, შეიცავს 20 კილოგრამ ტროტილს [ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერებების ნარევი], და აქვს ე.წ ეშვები, რომელიც ვიზუალურად კარგად ჩანს და რომელშიც დეტონატორებია მოთავსებული.

„როდესაც გემის, ხომალდის კორპუსს შეეხებიან, მაშინ ხდება მათი დეტონაცია და აფეთქება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ნაპირზე ტივტივებდა, გამოირიყა, ალბათ ქვას მოხდა და შესაბამისად მოხდა დეტონაცია“, – აღნიშნა ირაკლი ალადაშვილმა.

 

უსაფრთხოების წესები – როგორ უნდა მოიქცეთ თუ მსგავს ობიექტს შენიშნავთ

 

რაც შეეხება უსაფრთხოების წესებს, ირაკლი ალადაშვილს ვკითხეთ, როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ვიზუალის ობიექტთან ახლოს აღმოჩნდება.

როგორც „არსენალის“ რედაქტორმა გვითხრა, ვიზუალურად ნაღმის გამორჩევა მარტივია თავისი „ეშვების“ მეშვეობით და ამდენად, ჩანს თუ რა საფრთხეს წარმოადგენს.

„არავითარ შემთხვევაში მასთან მიახლოება არც ზღვაში და არც სანაპიროზე, არ შეიძლება! პირიქით, უნდა გასცილდეთ არანაკლებ 200 მეტრიან დისტანციაზე, რადგან არავინ იცის, აფეთქების დროს, რომელი ფრაგმენტი რა სიშორეზე შეიძლება გაიტყორცნოს“, – განუცხადა „ფორტუნას“ ალადაშვილმა.

დასმულ კითხვაზე, რამდენად არსებობს რისკი იმისა, რომ მსგავსი შემთხვევა განმეორდეს, ირაკლი ალადაშვილმა გვიპასუხა, რომ საფრთხე კვლავ არსებობს, რადგან აქამდე რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთის ნაპირებთან 10-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირეს.

„ოდესის სანაპიროზე თითქმის ყოველ თვე ხდება, როცა ღუზიდან წყდება და შეჯახება იქვე ხდება, რაც შემდეგ სანაპიროზე ფეთქდება. სამწუხაროდ, რამდენიმე შემთხვევა მხვერპლითაც დასრულდა, როცა ერთი-ორმა ადამიანმა ნაღმთან ახლოს მიცურეს და ამ დროს დეტონაცია მოხდა.

 ЯМ-ის მოდიფიკაციის საბჭოთა ნაღმი

როდესაც ეს ნაღმი ღუზაზე აყენია, ის ზღვის ზედაპირზე არ ჩანს, რადგან საბრძოლო მდგომარეობაშია მოყვანილი და პირველ რიგში, საშიშია იმ ხომალდისათვის, რომელიც მას წყალქვეშა კორპუსის ნაწილით შეეჯახება. ჩვენს შემთხვევაში ეს უკვე ღუზაზე მოწყვეტილია და ისინი ტივტივებს.

თუ ადამიანმა შეამჩნია, რომ ზღვაში, სანაპიროსთან ახლოს მსგავსი ვიზუალის საგანი ტივტივებს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეკაროს, პირიქით, რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს ტერიტორია და რაც შეიძლება შორს გაეცალოს.

გარდა ამისა, ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ნაღმი ირიყება სანაპიროზე, ამ შემთხვევაშიც მოქალაქე არ უნდა შეეხოს, სასწრაფოდ ამ ადგილს უნდა გაერიდოს, არანაკლებ 200 მეტრის დისტანციაზე და შეატყობინოს სამართალდამცველ ორგანოებს.

ის, რომ ნაღმი ტივტივებს, ეს არაფერს ცვლის, ის საშიშია ნებისმიერ შემთხვევაში. ეს გახლავთ საბჭოთა დროინდელი ნაღმები და უდიდესი საფრთხე ის გახლავთ, რომ მას არ გააჩნია თვითლიკვიდატორი.

ანუ, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადებული ნაღმები ჯერ კიდევ დაცურავს, არა შავ ზღვაში, მაგრამ ოკეანეებში, სხვა ზღვებში და ხიფათს ჯერ კიდევ წარმოადგენს“, – აღნიშნა ირაკლი ალადაშვილმა.

მანვე გვითხრა, რომ სავაჭრო გემებს, რომლებიც შავ ზღვაში მოძრაობენ, მეტი ყურადღების გამახვილება მოუწევთ, რადგან სავარაუდოდ, თავად გემის რადიოლოკატორსაც [რადარი] არ შეუძლია ნაღმი აღმოაჩინოს, რადგან ალადაშვილის თქმით, მათი ფუნქცია სხვა რამაა, ხოლო საზღვაო ნაღმის ზომის სიმცირიდან გამომდინარე, მისი აღმოჩენა რადიოლოკატორსაც გაუჭირდება. აქედან გამომდინარე, „არსენალის“ რედაქტორი ამბობს, რომ მთავარია მისი ვიზუალური აღმოჩენა, რაც რთულია და მით უმეტეს, ღამით.

 

როგორ ხდება განაღმვა/გაუვნებელყოფა

 

ირაკლი ალადაშვილმა ნაღმების განღმვის წესებზეც ისაუბრა და თქვა, რომ  განაღმის პრინციპი  ასეთია: „თუ ნაღმი წყალშია ორი ვარიანტი არსებობს – გამოცდილი მენაღმეები ახლოს მიცურავენ, ზედ ასაფეთქებელს მოწყობილობას დაამაგრებენ, რომ შემდეგ დისტანციურად აამოქმედონ და ამ საზღვაო ნაღმის ხელოვნურად აფეთქება შეძლონ.

ან, შორიდან, არანაკლებ 200 მეტრიდან სნაიპერული შაშხანიდან, ტყვიამფრქვევიდან ან ქვემეხიდან ესვრიან, რომ როგორმე იმ „ეშვებში“ მოარტყან, სადაც დეტონატორებია განთავსებული.

რაც შეეხება ხმელეთზე, ნაპირზე გამორიყულს, უსაფრთხოების ზომები იქაც იქმნება – მენაღმე ასაფეთქებელს დაამაგრებს, რათა შეძლოს მისი დისტანციურად გაუვნებელყოფა.“ – უთხრა „ფორტუნას“ ირაკლი ალადაშვილმა.

magti 5g