მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს, საზოგადოებს ამცნო, რომ საქართველოს მთავრობა 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყებას დღის წესრიგიდან ხსნის, ქვეყანაში საპროტესტო ტალღა არ ცხრება.
უკვე ცნობილია, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო არაერთი ადამიანი ახალ წელს პროტესტის მთავარ ეპიცენტრში – რუსთაველის გამზირზე შეხვდება, მათ შორისაა ჟურნალისტი ბექა ყორშია, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ „არც კი დავუშვათ, რომ ახალი წელი ისე აღვნიშნოთ, როგორც წინა წლებში“.
„ბავშვობიდან რაც მიყვარს, ახალი წელია და მისი აღნიშვნა ოჯახთან და ახლო მეგობრებთან ერთად, მაგრამ ახლა ყველანი ვიაზრებთ, რა რეალობაშიც ვართ.
ვინც აპირებს, რომ ახალ წელს ტრადიციულად სახლში შეხვდეს, მინდა შევახსენო, რომ გვყავს ათობით პოლიტპატიმარი, რომლებსაც ახლა ჩვენზე მეტად უნდათ თავიანთ ოჯახებთან ყოფნა. არათუ ახალი წლის აღნიშვნა, არამედ უბრალოდ, საყვარელი ადამიანების ნახვა.
არც კი დავუშვათ, რომ ახალი წელი ისე აღვნიშნოთ, როგორც წინა წლებში. არ გვაქვს ამის უფლება და მორჩა.
სადღესასწაულოდ არ გვაქვს საქმე. მოთქმა-გოდება და სახის ხოკვაც არაფერს გვაძლევს, მაგრამ ჩვენმა თანამებრძოლებმა აუცილებლად უნდა იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა ციხეებსა თუ იზოლატორებში.
სანამ ეს ხალხი ციხეშია, იცოდეთ, რომ ჩვენ თავისუფლებაზე სრულიად შემთხვევით ვართ.
გავიმარჯვებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ. მთავარია, თავი არ მოვიტყუოთ.
არ დავუშვათ, რომ საცივის გემომ თავისუფლების გემო გადასძალოს:)“, – წერს ბექა ყორშია.