ჟურნალისტი ლადო გოგოლაძე ქალებზე ძალადობაზე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ კაცებს არ უნდათ ქალების ტკივილის გააზრება, გოგოების მამები კი პოტენციურ მოძალადეებად იქცნენ.
გოგოლაძე სხვა მამებს ურჩევს, რა უნდა ასწავლონ საკუთარ შვილებს.
„მე გოგოების მამა ვარ. ნენე 10 წლისაა, ნისიმე სამის, პირველივე დღიდან ვეუბნები რომ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნები, დიდ ასაკში ყველა ნაბიჯის გადადგმა თვითონ მოუწევთ, თუმცა ყველა ნაბიჯის დროს ეცოდინებათ რომ თუ ეს მცდარი იქნება ხელს არ ვკრავ და მივიღებ.
ისიც იციან რომ არასოდეს იქნებიან ნივთები, ისიც კარგად იციან (ნენემ უფრო, ნისიმე ისწავლის) რომ მათ აღზრდაში იმიტომ არ ვდებ რესურსს რომ შემდეგ ვიღაცის მანიაკური ეჭვიანობის გამო ოთახში ჩაიკეტონ, გარეთ ვერ გამოვიდნენ და მონად იქცნენ.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, გოგოობა ძალიან რთულია, საზოგადოება იმაზე გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას და ტვირთს კიდებს, ვიდრე ბუნებამ გაიმეტა მათთვის. არცერთ კაცს არ გვინდა იმ ტკივილის გააზრება რასაც ქალები დაბადებიდან გარდაცვალებამდე გადიან, არ ვიაზრებთ და ალბათ ამიტომ გვგონია რომ მათზე მეტი ვართ, ალბათ ამიტომ ვაძლევთ თავს უფლებას რომ უპირატესის გადმოსახედიდან გადმოვხედოთ, ალბათ ამიტომ ვირგებთ რელიგიას, ამავე რელიგიას საჩვენოდ ვიყენებთ და ვიმეორებთ – კაცია ოჯახის თავი და ქალი მას უნდა ემორჩილებოდეს – მაგრამ იქვე, იგივე რელიგია რომ გვეუბნება მრუშობა და ღალატი არ შეიძლებაო მაშინ – კაცები ვართ და გვეპატიება.
სამწუხაროდ, გოგოების მამები ამ ქვეყანაში, პოტენციურ მოძალადეებად ვიქეცით. კი, არავის შევარჩენ თუ ჩემს ნენეს და ნისიმეს გული ატკინეს, მიუხედავად იმისა რომ კანონმორჩილი ვარ და არც პოლიციაში დარეკვა მიტყდება, ვერ ვიტყვი რომ 112-ში დარეკვამდე, მე არ ვეცდები სამართლის პოვნას, ვიცი ცუდია, მაგრამ ჩემთვის უფრო ცუდი, ჩემი გოგოს ცრემლი და ტკივილი იქნება.
ბიჭების მამებო, გეხვეწებით, ასწავლეთ თქვენს შვილებს სიყვარული, აჩვენეთ როგორ გიყვართ თქვენი მეუღლე, შეგინებაზე წინ ტკბილი სიტყვა ასწავლეთ, თუ რამეზე ცრემლი წამოუვიდა ნუ ეტყვით – გოგო ხომ არ ხარ რომ ტირი?! არაა ტირილი ერთი სქესის კუთვნილება, ისევე როგორც სიცილი; პატიება ასწავლეთ, ბოდიშის თქმაც ასწავლეთ, მადლობაც ასწავლეთ, კეთილ კაცებად გაზარდეთ, თორემ მერე ისევ თქვენ გატკენენ გულს.
მე გოგოების მამა ვარ, იმედია ბიჭის მამაც გავხდები და ამ ყველაფერს აუცილებლად ვასწავლი, მანამდე კი ჩემს გოგოებს ყოველდღე ვეტყვი რომ მე სულ მათთან ვიქნები და მათ ჩემი იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეთ, როგორც მეგობრის და მამის.
#არაქალკლა
#ძალადობატეხავს“ – წერს გოგოლაძე.