„ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, გია ცაგარეიშვილი გამოეხმაურა აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, ენმ-ის წევრი გია ბარამიძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრეი კასიანოვის მისამართით საუბრობს.
ამის შესახებ მან ” ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” ისაუბრა.
„ავაზაკი გია ბარამიძის ხმა ყველამ ამოვიცანით, რომელიც თურმე ემუქრება უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს იმის გამო, რომ ამ ადამიანმა გააკეთა ობიექტური შეფასება იმასთან დაკავშირებით, რაც აქვს საქართველოს უკრაინა-რუსეთის ომთან მიმართებით. რა პოზიციას იკავებს საქართველო, როგორ ეხმარება იგი გმირ უკრაინელ ხალხს ძნელბედობის ჟამს. ამ პოზიციის ობიექტურად შეფასებისთვის, ვინმე ბარამიძე, რომელიც ახლა სად იმყოფება კაცმა არ იცის, ემუქრება ანგარიშსწორებით ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში. საინფორმაციო სივრცეში ყურით მოთრეული თემების, გადაკერილი ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერების შემოგდება ყოველკვირეულად ხდება.
ორი თვეა ეს გრძელდება, გაუთავებლად გადაბრალება საქართველოს მთავრობისთვის, მმართველი ძალისთვის, რომ ჩვენ თითქოს კონტრაბანდულ შავ ხვრელებს თუ ხაზებს ვაწყობთ რუსეთის ფედერაციასთან. ვერც ერთი მტკიცებულება ამასთან დაკავშირებით ვერავინ მოიყვანა. ვერც ერთი მამხილებელი, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს სამხედრო დანიშნულების ტვირთების გადაადგილებას.
ეს გრძელდება ომის დაწყებიდან პირველივე დღიდან. მე მგონი არესტოვიჩის განცხადება ცხადყოფს რა სურვილი ამოძრავებს ზოგიერთ უკრაინელ პოლიტიკოსს საქართველოსთან დაკავშირებით. მათ უნდათ, რომ როგორმე ომის ქარცეცხლში გახვიონ ეს ქვეყანა. თითქმის 10 წლის მანძილზე 9 არჩევნები მოუგო „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“. არჩევნების გზით ხელისუფლება ვერ შეცვალეს და ახლა უნდათ როგორმე აქ გაავრცელონ ომის ქარ-ცეცხლი, რომ როგორმე მობრუნდნენ თავისი, ასევე ავაზაკი დაპატიმრებული პრეზიდენტ ყოფილის თამადობით ხელისუფლებაში. ეს არის მათი მთავარი განზრახვა.
ისინი გამალებით ებრძვიან თავის ქვეყანას. დამცინავ ტონალობაში საუბრობენ, როდესაც მიემგზავრებიან საერთაშორისო ვიზიტებზე, შეერთებულ შტაბებში. ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი სამშობლო დააკნინონ. არა მხოლოდ „ქართული ოცნება”, არამედ სამშობლო, რომელიც ბეწვის ხიდზე გადის. ყოველ წუთს და წამს შეიძლება ეს ყველაფერი გადმოვიდეს საქართველოზე. ჩვენ ჩვენი დასაღვრელი სისხლი უკვე დავღვარეთ და თუ საჭირო გახდება კიდევ დავღვრით. არცერთი ქვეყნის ლიდერის წამოსაძახებელი არ არის საქართველოს დამოუკიდებლობა, არც უკრაინაში, არც რუსეთში და არც არსად“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.