„არჩევნებმა დიდწილად მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ცალკეული დარღვევები და პრობლემური საკითხები“, – სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა არჩენების პროცესი შეაფასა.
„არჩევნების პროცესში დაფიქსირდა საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნის, კომისიის მიერ საჩივრის არ დარეგისტრირების შემთხვევა, საკონტროლო ფურცლების არასწორად შევსების, კენჭისყრის პროცესის საკონტროლო ფურცლის საარჩევნო ყუთში მოთავსების გარეშე დაწყების, საარჩევნო უბნის ბეჭდის დაკარგვის, სადემონსტრაციო ოქმების არასწორად შევსების, რეგისტრატორების მიერ ბიულეტინებზე წინასწარ ხელის მოწერის, მართვის მოწმობით ხმის მიცემის, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზების შემთხვევები.გამოკვეთილი ხარვეზების ნაწილი დაკავშირებულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არასათანადო მომზადებასთან. “-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
რაც შეეხება ძალადობის ცალკეული ინციდენტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სახალხო დამცველი ფაქტებს საკუთარი ინიციატივით შეისწავლის და თვალყურს მიადევნებს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების რეაგირებას.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები არჩევნებს საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
