ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, თავის დროზე ახმედ ჩატაევის ციხიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება სწორი იყო. ამის შესახებ კბილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მაშინ ჩატაევის გათავისუფლების თაობაზე პროკურატურამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე მიმართა, თუმცა რა საქმეზეა საუბარი ყოფილი მთავარი პროკურორი ჟურნალისტებთან არ აკონკრეტებს და განმარტავს, რომ ამის დაკონკრეტების უფლება არ აქვს.
“ესა თუ ის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის ჩატაევის, მე ვიცოდი და პროფესიულად მქონდა შეხება. მის შინაარსზე კომენტარი არ უნდა გააკეთოს ყოფილმა პროკურორმა. ჩატაევთან დაკავშირებით რა მოხდა მისი გათავისუფლების შემდეგ, ამაზე მეტ შეფასებას ვერ გავაკეთებ. სასამართლოს მისი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით, მივმართეთ სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე”, – განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, ” როდესაც არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, პროკურორი უნდა გამოვიდეს საქმეში არსებული მასალებიდან და არა იმ ვარაუდით, რა მოხდება ხვალ, ზეგ და მაზეგ. „არავინ ვიცით, რომელი ადამიანი სისხლის სამართლის საქმის დასრულების შემდეგ რას ჩაიდენს”, – განაცხადა კბილაშვილმა.