LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ხელისუფლებას, კონკრეტული გეგმის შესამუშავებლად, ორდღიან ვადას აძლევს

35

ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამასა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დეტალები მედიისთვის უცნობია, თუმცა, როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, ისინი ხელისუფლებას ორდღიან ვადას აძლევენ, რათა გარდაცვლილის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვენებლად კონკრეტული გეგმა შემუშავდეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ეფექტური რეაგირება არ იქნება, აქციები უფრო ფართომასშტაბიან და მწვავე ფორმას მიიღებს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვედრას ხვალაც გამართავენ. თუმცა, კონკრეტულად ვინ იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროდან წარმოდგენილი აღნიშნულ შეხვედრაზე, ჯერჯერობით უცნობია.

დღეს გამართული აქციის გამო, დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მოძრაობა გადაკეტილი იყო თბილისი-სენაკი-ლესელიძის, ასევე თბილისი-კობი-გუდაურის საავტომობილო მაგისტრალებზე. ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილებმა გადაადგილება დაიწყეს. მოძრაობას შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ერთეული ეკიპაჟი აკონტროლებს. ტერიტორიას ტოვებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც.

magti 5g