„პოლიციელს ვუთხარი, გადმოვალ, უნდა გაკოცო, ამ წამს რუსა მორჩილაძემ სიმღერა მაჩუქა-მეთქი... აუცილებლად ვგეგმავ კლიპის გადაღებას“ - ლაშა რამიშვილი

31 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ლაშა რამიშვილი და რუსა მორჩილაძე სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა მათ თანამშრომლობაზე, ახალ ერთობლივ ნამუშევარზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. გადაცემაში ლაშას ახალი სიმღერის პრემიერა შედგა.

რუსა, არაერთი ჰიტის ავტორი ხარ, რამდენად რთულია ისეთი სიმღერის შექმნა, რომელიც წლებს უძლებს და არ კარგავს აქტუალობას?

რუსა: პირველ რიგში, ძნელია, რომ შენ, როგორც პიროვნებამ, როგორც ადამიანმა, გაუძლო ამ ცხოვრებას შენი ფსიქიკით და ჯანმრთელობით. ჩემს შემთხვევაში ეს უფრო რთული აღმოჩნდა, ჩემმა სიმღერებმა ძალიან ადვილად გაუძლეს დროს (იცინის). ეს ნამდვილად ჩემგან დამოუკიდებლად ხდება, ალბათ, ასეთი უნდა ყოფილიყო ჩემი ცხოვრების გზა, ეს ჩემთვის ძალიან ბუნებრივია.

თუ გახსოვს შენი ის პირველი სიმღერა, რომელიც ფართო საზოგადოებამ მოისმინა და შეიყვარა?

რუსა: ბავშვობაში იყო რაღაც მუზიცირების მცდელობები, რომელსაც მე ყურადღებას არ ვაქცევდი და დედაჩემიც ძალიან არასერიოზულად უყურებდა და უკვე 15 წლის რომ გავხდი, რამდენიმე სიმღერა დავწერე, მათ შორის, „იები“, რომელსაც ნინო ქათამაძე ასრულებს. კვარტეტი გვქონდა გოგოებს და ამ სიმღერას ოთხ ხმაში ვმღეროდით. ამ სიმღერას მოყვა კიდევ რამდენიმე სიმღერა, მაგრამ მაშინ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე პერიოდი იყო და ვერსად ვერ წაიღებდი სიმღერებს, ვიწროდ, სამეგობროში თუ გააჟღერებდი და მახსოვს, რომ „პირველ არხზე“ ქალბატონი ნანა ჯაფარიძე და ბატონი მამუკა არეშიძე გვეპატიჟებოდნენ, როგორც ნიჭიერ პატარა ბავშვებს, თუმცა „საბჭოთა ბავშვი“ ხომ ვიყავი და ის პერიოდიც გავიარე, რომ როცა „პირველ არხზე“ სიმღერები მიმქონდა, მაშინდელი მუსიკალური პროდიუსერი მეუბნებოდა, ეს ძალიან ამერიკულია და ჩვენ ამას ვერ გავუშვებთო.

ალბათ, ამ წლების განმავლობაში ბევრი არა კეთილის მოსურვე ადამიანიც შეგხვდებოდა, ამ ყველაფერს როგორ გაუმკლავდი?

რუსა: ამაყად გავიარე. სიკეთეს ვუსურვებ ყველას, მინდა, რომ ყველა ბედნიერი, შემდგარი იყოს. მე ძალიან მიხარია, როცა რაღაც მომეწონება. სულ რომ არ ვიცნობდე იმ ადამიანს, ვიგებ ტელეფონს, ვურეკავ და იმდენ კომპლიმენტს ვეუბნები, რომ ცოტა იძაბებიან ხოლმე. ნამდვილად მიხარია, რადგან ნიჭიერ ადამიანებზე ვგიჟდები. ნამდვილად ვერ დავმალავ, რომ ჩემს ცხოვრებაში უღირსმა ადამიანებმაც გაიარეს, მაგრამ მეტს არაფერს ვიტყვი.

ლაშა, ვისაუბროთ შენი და რუსას თანამშრომლობაზე და ახალ სიმღერაზე.

ლაშა: მატერიალურზე რომ გადავიყვანოთ, ეს, ფაქტობრივად, იგივეა ვიღაცამ რომ მანქანა გაჩუქოს ან სახლის გასაღები მოგცეს. მე და გიორგი ყველაშვილმა თბილისობაზე შევასრულეთ ეს სიმღერა. შემდეგ მანქანაში სულ ამ სიმღერას ვუსმენდი. ზოგადად, მე და რუსას ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ხმოვანი შეტყობინება გავუგზავნე, რუსა, თუ მომცემ უფლებას, რომ ეს სიმღერა ჩავწერო-მეთქი და ამასობაში მოძრაობის წესებიც დავარღვიე და უკნიდან მესმის ხმა, გადააყენეთ მანქანა. შეტყობინება რომ გავუშვი და რუსასგან მომდის გულები და ტექსტი, „იმღერე, ჩემო საყვარელო“. პოლიციელს ვუთხარი, გადმოვალ, უნდა გაკოცო-მეთქი და მიყურებს, რაშია საქმეო. ვუთხარი, ამ წამს რუსა მორჩილაძემ სიმღერა მაჩუქა-მეთქი და მივაწოდე მართვის მოწმობა, საფულე, რაც გინდა, ის ქენი-მეთქი.

რუსა: სხვა პასუხის გაცემა ნამდვილად არ შეიძლებოდა, რადგან ლაშას ძალიან უხდება ეს სიმღერა, ნამდვილად მისი სიმღერაა და თან, მე ლაშა ძალიან მიყვარს, ჩვენ არ გვაქვს ერთი და ორი წლის ურთიერთობა, ოჯახის წევრებივით ვართ და მგონი, ძალიანაც დავაგვიანე სიმღერის ჩუქება.

ლაშა: სიმღერის არანჟირების ავტორია ცირა ბზიშვილი. ტექსტი ირინას და დოის ეკუთვნით. აუცილებლად ვგეგმავ კლიპის გადაღებას. მინდა, რომ მთელი ჩვენი თეატრი იყოს კლიპში.

ვისაუბროთ 7 აპრილს დაგეგმილ საღამოზე.

რუსა: 7 აპრილს „მონო ჰოლში“ მე და ჩემი უამრავი მეგობარი გელით. იქნება ჰიტები, სიცილი და დროს ტარება.

როგორია სამომავლო გეგმები?

რუსა: გეგმები რაღაცნაირად თავისით, უცებ გვიკაკუნებს ხოლმე. თუ თეატრთან დაკავშირებით ვისაუბრებთ, ვიცი ზუსტად, რომ ახალი სეზონიდან მესამე მიუზიკლი უნდა გავაკეთოთ. რაც შეეხება მომღერლებთან მუშაობას, ახლა იწერება ლელას ერთი სიმღერა, რომელიც კინომუსიკა გახლავთ. ჩემი საყვარელი ჟანრია, არის დრამატული. მე და ლელას კიდევ ერთი დუეტის ჩაწერაც გვინდა.

ლაშა: წინ უამრავი საინტერესო რამ გველის ამ მიუზიკლიდან გამომდინარე. ძალიან ბევრი გეგმაა. ზაფხულში პრაღაში მაქვს 2 კონცერტი. არის ფანტასტიკური პროექტი „მე გადმოვცურავ ზღვას“, ასევე რუსა მორჩილაძის მართლაც ეს ორი შედევრი, მგონი, „Black sea arena“-ზე მიდის.

 

ლაშა რამიშვილი – გულის კარი გამიღე

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი