არგენტინელმა ქალბატონმა „აკაპოტებული“ ავტოინსპექტორით 400 მეტრი გაიარა. შემთხვევა ქალაქ სან-ისიდროში მოხდა და ის სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალბატონი პოლიციელმა გააჩერა და საბუთები მოსთხოვა. მძღოლს კი არანაირი დოკუმენტაცია არ აღმოაჩნდა. ინსპექტორმაც მისი დაკავება გადაწყვიტა, თუმცა ქალბატონი ასე მარტივად დანებებას არ აპირებდა, ამიტომ გაზის პედალს მიაჭირა და წინ მდგომი პოლიციელიც თან გაიყოლა. 400 მეტრის გავლის შემდეგ ინსპექტორი სწრაფად მიმავალი ავტომობილიდან გადმოხტა, რის გამოც მუხლი დაიზიანა. აღსანიშნავია, რომ კანონდამრღვევი მალევე დააკავეს და მას ბრალი მკვლელობის მცდელობაში ედება.