ისრაელის მხარე აცხადებს, რომ ღაზას სექტორთან სასაზღვრო პუნქტები ღიაა და როგორც ტვირთი ისრაელის გავლით ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადის. სასაზღვრო პუნქტ ქერემ შალომის გავლით ღაზას სექტორში ისრაელიდან ყოველდღიურად სხვადასხვა სახის ტვირთით სავსე 900-მდე მანქანა შედის. მესაზღვრეები ამბობენ, რომ ყველა მანქანა საგულდაგულოდ მოწმდება, რომ საზღვარზე არ გადაიტანონ საბრძოლო მასალა, ან ნარკოტიკული ნივთიერება.
ღაზას სექტორში საკვებ პროდუქტსა და პირველადი მოხმარების საგნებთან ერთად შედის სამშენებლო მასალა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სხვადასხვა სახის ტექნიკა – ტელევიზორები, კომპიუტერები. მესაზღვრეები ამბობენ, რომ სატვირთო მანქანებით შედის ფუფუნების საგნებიც, ჯაკუზი, ძვირადღირებული მანქანები.
ამასთან, დღეში 1500-მდე ადამიანი კვეთს კიდევ ერთ სასაზღვრო პუნქტს, ერეზს. მესაზღვრეები ამბობენ, რომ ღაზას მცხოვრებლები ისრაელში სამკურნალოდ გადადიან. რამდენიმე კვირის წინ საზღვარი გადაკვეთა „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის შვილმაც, რომელსაც ისრაელელმა ექიმებმა უმკურნალეს.
ამასთან, ერეზში მომუშავე მესაზღვრეები ამბობენ, რომ ხშირად სერიოზულ პრობლემებს ექმნებათ საზღვართან მცხოვრები მოსახლეობისგან. ყოველ პარასკევს, რელიგიური მსახურების შემდეგ ღაზას სექტორში მცხოვრებთა ნაწილი ცდილობს, ისრაელის ტერიტორიაზე გადავიდეს, ისინიმესაზღვრეების მისამართით სხვადასხვა ფეთქებად საშუალებას ისვრიან. მესაზღვრეები მათ მოგერიებას ჯერ ცრემლსადენი გაზით, შემდეგ რეზინის ტყვიებით ცდილობენ, თუმცა თუ მოგერიება ვერ ხერხდება, იყენებენ ცეცხლსასროლ იარაღსაც.