„იმედის კვირის“ ჟურნალისტმა, ელენე ცინცაძემ იპოვა და ჩაწერა სომეხი გოგონა, არმინე არუთინიანი, რომელიც „გუჩის“ ჩვენებისწინა პერფორმანსზე გამოვიდა. საქართველოში მისი ფოტოების გამოქვეყნებას და პრესაში გავრცელებულ მასალას, რომ ის ცნობილი ბრენდის სახედ აარჩიეს, დიდი გარჩევა და მსჯელობა მოჰყვა, გოგონა, შეიძლება ითქვას, ბულინგის მსხვერპლი გახდა საკუთარი გარეგნობის გამო. მოგვიანებით, გაირკვა, რომ არმინე „გუჩის“ სახე არ არის, უბრალოდ, ბრენდის მიერ დაგეგმილ პერფორმანსზე გამოვიდა, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის თემას მიეძღვნა.
„იმედის კვირასთან“ ინტერვიუში არმინემ აღნიშნა: „ბერლინში ვიყავი, როდესაც გოგონამ ფოტო გადამიღო. მერე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩემით„გუჩი“ დაინტერესდა. პოდიუმზე გასვლა დიდი ემოციაა, მინდა, რომ განვიცადო ეს გრძნობა…
ჩემმა გარეგნობამ ყველა დააბნია. იყო ძალიან ნეგატიური გამოხმაურება და დიდი ინტერესი ჩემ მიმართ. ყველას არ მოვწონვარ, მაგრამ თავარია, მე მომწონს ჩემი თავი და არ მინდა შევიცვალო. მგონია, რომ სტერეოტიპებს ვანგრევ, რადგან არც პატარა ცხვირი მაქვს და არც დაბერილი ტუჩები. ხალხისთვის ეს ყველაფერი ახალი და განსხვავებულია…“