აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სატელეფონო საუბარი გამართა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან მოჰამმედ იბნ სალმანთან და განიხილა მასთან ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე ვითარება. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
პომპეომ აღნიშნა, რომ საუდის არაბეთს გააჩნია რეალური შესაძლებლობა “დაამშვიდოს” მსოფლიო ენერგეტიკული და ფინანსური ბაზრები სერიოზული ეკონომიკური გაურკვევლობის პირობებში.
განცხადების თანახმად, პომპეომ და პრინცმა “ღრმა შეშფოთება” გამოთქვეს კორონავირუსის პანდემიის გამო და ხაზგასმით აღნიშნეს ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე ყველა ქვეყნისათვის.
შეგახსენებთ, ფასობრივი ომის დაწყების შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ჩაიშალა “ოპეკი+”-ის ფორმატში ნავთობის მოპოვების შემცირების გარიგება, რუსეთი და საუდის არაბეთი ვერ შეთანხმდნენ ვერც მოპოვების შემდგომ შემცირებაზე და ვერც გარიგების არსებული პირობების გაგრძელებაზე. საუდის არაბეთმა მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ შესთავაზა თავის ევროპელ მომხმარებლებს ნავთობის დიდი ოდენობა დაკლებული ფასით. ამის შემდეგ ნავთობის ღირებულება მესამედით დაეცა.