სანამ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ორ მსხვილ რუსულ ნავთობკომპანიას: „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა „რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის დასრულების სამშვიდობო პროცესისადმი სერიოზული ვალდებულებების არარსებობის გამო“.
„ახლა დროა, შევაჩეროთ მკვლელობები და დაუყოვნებლივ გამოვაცხადოთ ცეცხლის შეწყვეტა. იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტ პუტინი უარს ამბობს ამ უაზრო ომის დასრულებაზე, ფინანსთა სამინისტრო სანქციებს უწესებს რუსეთის ორ უდიდეს ნავთობკომპანიას, რომლებიც კრემლის საომარ მანქანას აფინანსებენ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესანტმა.
აშშ-ის სანქციები იმოქმედებს „როსნეფტის“ 34 შვილობილ კომპანიაზეც.
ამასობაში, ბრიუსელში ელჩები შეთანხმდნენ სანქციების მე-19 პაკეტზე.
შეთანხმება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო დათმობებზე წავიდა. მან მოხსნა ვეტო ენერგომატარებლებზე მაღალ ფასებსა და საავტომობილო ინდუსტრიის მომავალთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე.
ევროპა სანქციების პაკეტის განსახილველად ემზადება. საუბარია 2027 წლის 1 იანვრიდან რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვაზე. ეს დარჩენილ მომწოდებლებს (ბელგია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი და პორტუგალია) საშუალებას მისცემს შეწყვიტონ მოსკოვთან გრძელვადიანი კონტრაქტები.
„ჩვენ უკვე დავამტკიცეთ სანქციების მე-19 პაკეტი, რომელიც რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის, საბანკო და ენერგეტიკული სექტორების წინააღმდეგაა მიმართული. ევროპული საბჭოს სხდომაზე მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკრაინის ფინანსური საჭიროებების 2026 და 2027 წლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ.
თავის მხრივ მოსკოვი უარყოფს, რომ ევროკავშირის სანქციების ბოლო რაუნდი და ვაშინგტონის ახალი მკაცრი ზომები რაიმე გავლენას მოახდენს მის ეკონომიკაზე ან სამხედრო სტრატეგიაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინაში აგრესიას და არც ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდება.
„შეერთებული შტატები ჩვენი მოწინააღმდეგეა და მათი მოლაპარაკე „მშვიდობისმყოფელი“ ახლა რუსეთთან ომის გზას დაადგა “, – თქვა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იგულისხმა.
„მიღებული გადაწყვეტილებები რუსეთის წინააღმდეგ ომის აქტია. ახლა ტრამპი სრულად შეუერთდა გიჟ ევროპას“.

ფოტო: reuters
