ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო შეერთებული შტატების მხრიდან ვაქცინაციის დონაციის საკითხს.
მათივე ინფორმაციით, განიხილეს ლოჯისტიკასთან დაკავშირებული თემები, ასევე ვაქცინაციის პროცესში არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. როგორც უწყებაში აცხადებენ, შეხვედრის დასრულების შემდეგ დიპლომატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, როგორც ადამიანთა ჯანმრთელობის დასაცავად, ასევე ქვეყნების ეკონომიკის გახსნისთვის.
„ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია აჩუქოს საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ქართველი ხალხის დასახმარებლად. დღეს შევხვდი ეკატერინე ტიკარაძეს, რათა გვემსჯელა ლოჯისტიკურ საკითხებზე, რაც საკმაოდ კომპლექსურია. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კოორდინაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა საქართველომ ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს და ასევე დავეხმაროთ ვაქცინაციის კამპანიის წარმოებაში იმისათვის, რომ მოსახლეობა აიცრას.
თითოეული ჩვენგანის ვაქცინაცია უკიდურესად მნიშვნელოვანია. როგორც ვიხილეთ მსოფლიოს მაგალითზე, ვაქცინაცია გვაძლევს საშუალებას აღვადგინოთ ეკონომიკა, ბავშვები დაუბრუნდნენ სკოლებს და ხალხი – სამსახურებს. მნიშვნელოვანია მოსახლეობამ ეს შანსი გამოიყენოს და იმედი მაქვს, როგორც კი ვაქცინა ჩამოვა, ქართველები ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ და აიცრებიან,“ – აღნიშნა დიპლომატმა.