ერთთვიანი მოწოდების, გაფრთხილებისა და მუქარის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა.
მიზეზი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი და მასთან დაკავშირებული ქმედებებია – სახელმწიფო მდივანმა დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა ქიმიური იარაღი, რაც ქიმიური იარაღის კონვენციის დარღვევაა, შესაბამისად წესდება სანქციები.
ახალ სანქციებზე საუბარი როგორც აშშ-მა ასევე, ევროკავშირმა მას შემდეგ დაიწყო, როცა ნავალნი გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, დააპატიმრეს, მის მხარდასაჭერად შეკრებილი აქტივისტები კი დაარბიეს და დააკავეს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია იმ სანქციებზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედდება:
► შტატები რუსეთთან წყვეტს ყველა სახის დახმარებას, გარდა გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარებისა;
► ვაშინგტონი წყვეტს რუსეთში ყველა სახის შეიარაღების ექსპორტს, ასევე შეწყდება სამხედრო დაფინანსების ნებისმიერი პროგრამა, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს;
► შტატები ახალი სანქციების მიხედვით, შეწყვეტს ფინანსური მხარდაჭერის პროგრამებს, შესაბამისად რუსეთი ვეღარ მიიღებს აშშ-სგან კრედიტსა და ფინანსურ გარანტიებს;
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სანქციები, ძალაში იქნება მინიმუმ 12 თვის განმავლობაში. მისი მოხსნა კი მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როცა რუსეთი დაადასტურებს, რომ არ გამოიყენებს სასიკვდილო, ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა ოთხ რუს მაღალჩინოსანს დაუწესა აკრძალვა მოგზაურობაზე და გაუყინა აქტივები ევროპაში.
აშშ-მა კი სანქციები დაუწესა 7 რუს კერძო პირსა და 14 დაწესებულებას.
ევროკავშირმა და აშშ-მ რუსეთს ნავალნის დაპატიმრების გამო სანქციები დაუწესა
პარალელურად, რუსეთი სანქციების დაწესებას მტრულ, ანტირუსულ ქმედებას უწოდებს და ამბობს, რომ აშშ ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა.
“მოსკოვის რეაქცია შესაბამისი და სიმეტრიული იქნება. ჩვენ კოლეგებს მოვუწოდებთ, ცეცხლს ნუ ეთამაშებიან”. – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში.