ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს. საელჩოს ცნობით, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, საქართველოში აშშ მოქალაქეებს შესაძლოა გარკვეული საფრთხე შეექმნათ, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია გაუთვალისწინებელ რისკებთან, ამიტომ მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრასა და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები.
ახლო აღმოსავლეთში ვითარება განსაკუთრებით ბოლო კვირის განმავლობაში გამწვავდა. მსოფლიოს ლიდერი ქვეყნები რეგიონში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით დაპირისპირებულ მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.
ტრამპი ირანს აფრთხილებს: აშშ-მ 52 ირანული ობიექტი მიზანში ამოიღო
უახლესი ინფორმაციით ირანმა აშშ-ის სამხედრო ძალები „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. აღნიშნული კანონპროექტი ირანის პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა და ის ყველა ამერიკელ სამხედროზე, პენტაგონის თანამშრომლებსა და იმ პირებზე ვრცელდება, ვინც ირანელ გენერალ სოლეიმანის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი. ირანის პარლამენტის გადაწყვეტილებით, აშშ-ის სამხედრო ძალების ნებისმიერი მხარდაჭერა, მათ შორის სამხედრო, ფინანსური და ლოგისტიკური, შეფასდება, როგორც სოლეიმანის წინააღმდეგ მოწყობილ ტერაქტში თანამონაწილობად.
ფოტოები: რა ხდებოდა ირანში, როდესაც სოლეიმანის ცხედარი სამშობლოში გადაასვენეს
რაც შეეხება ირანის საკითხთან დაკავშირებით ნატო-ს პოზიციას, „როიტერის“ ინფორმაციით, მოკავშირეები აშშ-ის გვერდით დგანან. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, მოკავშირეები დეესკალიციას ემხრობიან, რადგან ახალი კონფლიქტი არავის ინტერესში არ არის. ნატო-ს წევრებმა ირანის და ერაყის საკითხზე შეხვედრაც გამართეს, სადაც აშშ-მა ნატო-ს წევრებს ირანელი გენერლის ლიკვიდაციის ოპერაციაზე მიაწოდა ინფორმაცია.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთვებული შტატების საელჩო საქართველოში მყოფ მოქალაქეებს მიმართავს და აფრთხილებს, რომ ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული ვითარება შესაძლოა ამერიკის მოქალაქეებისთვის რისკის შემცველი იყოს.