LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასპინძაში ყირიმ-კონგოს 3 შემთხვევა დადასტურდა – როგორია პაციენტების მდგომარეობა

486
Untitled design (7)

ასპინძის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების სამი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც “ფორტუნას” ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, 2 შემთხვევა ლაბორატორიულად 21 აპრილს, მესამე შემთხვევა კი დღეს დადასტურდა.

ინფიცირებულია ორი ქალბატონი და ახალგაზრდა მამაკაცი.

მამაკაცი ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს, ქალბატონებიდან ერთ-ერთი ასევე ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

მესამე ქალბატონი კი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ყირიმ-კონგოს ორი შემთხვევა სოფელ ორგორაში, მესამე კი დაბა ასპინძაში გამოვლინდა.

როგორც ასპინძის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მზია პაპაშვილმა განგვიცხადა, ორი ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება, მესამე ქალბატონი კი, რომელსაც ოფიციალურად დღეს დაუდასტურდა, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება:

“სამივე შემთხვევა დადასტურებულია, პაციენტები სტაციონარში მკურნალობენ. ერთი ახალგაზრდა მამაკაცია და ორი ქალბატონი.

სხვა მუნიციპალიტეტების მდგომარეობას ვერ გეტყვით, შესაძლოა თანადროულად სხვაგანაც იყოს, უბრალოდ ახლა, აპრილის თვეში დაიწყო სეზონი, როცა დათბა.

ამ ვირუსს ჰყავს გადამტანი ტკიპა, სხვადასხვა რეზერვუარებიდან – პირუტყვი, ასევე მღრღნელები და ტკიპასთან კონტაქტის შემდეგ სწორედ ტკიპა ხდება ამ ვირუსის მტარებელი.

მეურნეობის მოვლის, პირუტყვთან კონტაქტის დროს შესაძლოა მოხდეს დაინფიცირება, პაციენტები სწორედ ამ გზით დაინფიცირდნენ.

მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები. პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა 21 აპრილს, მესამე შემთხვევა კი ლაბორატორიულად დღეს დადასტურდა.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, პირველი ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად, უკეთესობისკენ, მესამე მათგანი კი რეანიმაციაში იმყოფება.

ის საავადმყოფოში გადაყვანილია 23 აპრილიდან”, – განუცხადა ფორტუნას მზია პაპაშვილმა.

შეგახსენებთ, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ვირუსული ჰემორაგიული ცხელებაა, რომელიც ძირითადად ტკიპებს გადააქვთ.

ვირუსის დროს შემდეგი სიმპტომები ვლინდება:

ტემპერატურის მატება, კუნთების ტკივილი, თავბრუს ხვევა, კისრის ტკივილი, ტკივილი ზურგის არეში, თავის ტკივილი, თვალების წვა. შესაძლოა ღებინება და ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში, ყელის ტკივილი და განწყობის მკვეთრი ცვალებადობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g