კლინიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, “ასტრაზენეკას” ვაქცინით კვლავ, მხოლოდ, 55 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები აიცრებიან.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ ეს გადაწყვეტილება სწორია, რადგან ის მინიმალური თრომბოზიც კი, რომელიც ვლინდება, სწორედ 55 წლის ქვემოთ არსებობს:
“ლაპარაკი იყო ვაქცინაზე, ხომ არ დავწიოთ ასაკი 55 წლის ქვემოთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ “ასტრაზენეკას” შემთხვევაში ასაკი დარჩეს იგივე, იმიტომ, რომ ყველაზე ანგარიშგასაწევი ქვეყნები – გერმანია, საფრანგეთი, სკანდინავიის ქვეყნები, ასე იქცევიან. მათ ჩაატარეს დიდი კვლევები და ჩათვალეს, რომ ეს ასეა საჭირო, რადგან ის მინიმალური თრომბოზიც კი, რომელიც არის, სწორედ 55 წლის ქვემოთ არსებობს. მართალია, ეს არის ერთეული შემთხვევები, მიზერი იმასთან შედარებით, რა თრომბოზებიც კოვიდის დროს ვითარდება. ასე რომ “ასტრაზენეკას” დროს შენარჩუნებული იქნება ასაკი 55 წელი და ზევით.” – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე განმარტებით, თუ 4 მაისიდან იმუნიზაციის პროცესში “სინოფარმი” ჩაერთვება, აღნიშნული ვაქცინით ყველა ასაკის ადამიანის აცრა იქნება შესაძლებელი:
“თუ უკვე დაიწყო რეგისტრაცია და თუ აღდგომის შემდეგ 4 მაისს, ბრუნვაში უკვე წავა “სინოფარმი”, რომლის განხილვაც ჯანმო-ში დღეს არის და დიდი მოლოდინია, რომ ის ავტორიზაციას მიიღებს – “სინოფარმზე” გახსნილი იქნება ყველა ზღუდე. ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება, რომ აიცრას.” – თქვა მან.
შეგახსენებთ “სინოფარმით” ვაცინაციისათვის რეგისტრაცია 27 აპრილს დაიწყო და მასზე დარეგისტრირება 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ.