ათენში საქართველოს მოქალაქე 1985 წელს დაბადებული კონსტანტინე მანაგაძე, რომელმაც 2016 წლის მაისიდან სასჯელი ხანიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადა, ხოლო მიმდინარე წლის აპრილიდან ათენის შს სამინისტროს უცხოელთა განყოფილების საპატიმრო დაწესებულაბაში იმყოფებოდა საბერძნეთის ტერიტორიაზე არალეგალურად ყოფნისათვის, პოლიციამ სასტიკად სცემა.
ინფორმაციას ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, შემთხვევა 8 მაისს მოხდა , მას შემდგომ რაც დაკავებული კონსტანტინე მანაგაძე ბერძნულის არ მცოდნე პატიმარს გამოესარჩლა, რომელიც პოლიციის თანამშრომლისაგან მედიკამენტს ითხოვდა – პოლიციელი კი მას შეურაცყოფას აყენებდა.
“პატიმრობაში მყოფი კონსტანტინე მანაგაძის დედის რუსუდან იობიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მისი შვილის ცემაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელებიც იღებდნენ მონაწილეობას, რომლებმაც მომხდარი ფაქტის შემდგომ, მისი შეფასებით კვალის დაფარვის მიზნით დაკავებული ათენთან ახლოს მენიდის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც საკანში შესვლისთანავე დაკავებულ კონსტანტინე მანაგაძეს ადგილზე მყოფი პატიმრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ბლაგვი საგნებით სასტიკად სცემეს.
ამავე საღამოს მდგომარეობის დამძიმების გამო სასტიკად ნაცემი კონსტანტინე მანაგაძე ათენში სოტირიას საავადმყოფოში გადაიყვანეს სამედიცინო დახმარების მიზნით, სადაც დაზარალებულს ნაკერები დაადეს და უკან საპატიმრო განყოფილებაში დააბრუნეს.
საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე მანაგაძის დედამ რომელიც ათენში იმყოფება მომხდარი ფაქტის შესახებ ათენში საქართველოს საკონსულოს და სახალხო დამცველის ოფისს მიმართა დახმარებისათვის და ითხოვს დახმარებას.
ოჯახის წევრები მომხდარ ფაქტს ფოტოებითაც ადასტურებენ”, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.