LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატოცში, სადაც ოკუპანტები ე.წ. საზღვარს ამაგრებენ, სასმელი წყლის ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

atoci2

ქარელის მუნიციპალიტეტ სოფელ ატოცში, სადაც ოკუპანტებმა მავრთულხლართების განახლების და ე.წ. საზღვრის გადმოწევის პროცესი ცოტა ხნის წინ განაახლეს, სასმელი წყლის ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.

დაპირება ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სამი კვირის წინ გასცა.

სამუშაოები უკვე დაწყებულია. მათი საერთო ღირებულება 256 ათასი ლარია და წყლის ჭაბურღილის მშენებლობას, საქროლატოროს მოწყობასა და არსებულ ქსელთან დაერთებას მოიცავს. სამუშაო 2 თვეში დასრულდება და შედეგად, სასმელ წყალს 250 ოჯახი მიიღებს.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ქეთევან ციხელაშვილი გაეცნო.

„ძალიან მიხარია, რომ ასე სწრაფად შევასრულეთ დანაპირები, რომელიც ატოცის მოსახლეობას მაშინ მივეცი, როცა აქ რუსულ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. სოფელს სასმელი წყალი არ აქვს, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ეს პრობლემა ამ სოფელშია დარჩენილი და გამყოფი ხაზის პირას მდებარე კიდევ რამდენიმე სოფელში. უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში ინტენსიური ტემპით ვმუშაობთ, რათა ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი ყველგან გადაიჭრას.

ამ სოფელს, რომელმაც რუსული საოკუპაციო ძალის მხრიდან კიდევ ერთი პროვოკაცია-მავთულხლართების გაბმა სულ ახლახან იწვნია, რა თქმა უნდა, გვერდში დავუდექით და სოფელს წყალი ძალიან მალე ექნება. ჭაბურღილის მშენებლობის სამუშაოები გუშინ დაიწყო. ქსელი კი უკვე მოწყობილია,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსნებთ, ატოცში ე.წ. საზღვრის დემარკაციის პროცესი რამდენიმე კვირის წინ განახლდა. ამან საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

ამავე პერიოდში, “ფორტუნა” საოკუპაციო ხაზთან არსებულ მძიმე მდომარეობაზე წერდა. ატოცში მცხოვრებლებმა ჩვენთან თქვეს, რომ მათ სასმელი წყლის, გზების და სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემები აწუხებთ. 

“ყველანაირად გამოყოფილები ვართ. წყალი გვინდა, გზა გვინდა…”

ნახეთ ამავე თემაზე: “გგონია, რომ მავრთულხლართებთან სულ ვიღაც არის” – ცხოვრება მტაცებელი მეზობლის გვერდით [ვიდეო]

magti 5g