RM Sotheby’s ივლისის დასაწყისში გასაყიდად გამოიტანს 1990 წლის უნიკალურ Ferrari F40-ს, რომლის ღირებულება 2,7-3,2 მილიონ ფუნტ სტერლინგად (დაახლოებით 3,56-4,2 მილიონ დოლარად) არის შეფასებული.
განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ კლასიკური Ferrari F40-ისგან განსხვავებით, ეს ეგზემპლარი ქარხნული მდგომარეობით არ არის შემორჩენილი. ავტომობილი პირველი მფლობელის სურვილით სერიოზულად გადააკეთეს, თუმცა სწორედ ამ ისტორიას მიიჩნევენ კოლექციონერები მის მთავარ ღირსებად.

პირველი მფლობელი ცნობილი ფრანგი ავტომრბოლელი და Ferrari France-ის სპორტული გუნდის ხელმძღვანელი ჟან საჯუ იყო. მას შემდეგ, რაც ინჟინერმა ჯოვანი მიკელოტომ Ferrari F40-ის სარბოლო LM ვერსია შექმნა, საჯუმ საკუთარი ავტომობილის ანალოგიურად მოდიფიცირება სთხოვა. პროექტი 1995 წელს დასრულდა.
გადაკეთების შედეგად 2.9 ლიტრიანი ორმაგი ტურბოთი აღჭურვილი V8 ძრავის სიმძლავრე 478-დან 527 ცხენის ძალამდე გაიზარდა, ხოლო მაქსიმალურმა ბრუნვის მომენტმა 850 ნიუტონ-მეტრს მიაღწია.

ინჟინრებმა ავტომობილის მასაც 136 კილოგრამით შეამცირეს, მათ შორის კონდიცირების სისტემის მოხსნის ხარჯზე. მიუხედავად სპორტული მოდიფიკაციებისა, Ferrari-მ საჯარო გზებზე გადაადგილების ნებართვა შეინარჩუნა.
დღეს ავტომობილს 22 700 კილომეტრი აქვს გავლილი და კვლავ ინარჩუნებს მიკელოტოს მიერ დამონტაჟებული დეტალების უმეტესობას.