LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დორტმუნდის “ბორუსია” ქართველით დაინტერესდა: ეს ქართველი… 7 წლის ბავშვია

358
88279369-503864570161954-6420640962631958528-o

ლანჩხუთელი ვუნდერკინდით დორტმუნდის „ბორუსია“ დაინტერესდა – 7 წლის იოსებ ლომაძე გერმანული გრანდის აკადემიაში ივარჯიშებს.

ეს 7 წლის იოსებია სოფელ ჩიბათიდან, რომელსაც ფეხბურთის განსაკუთრებული ნიჭი აქვს. იო, როგორც მას სიყვარულით ეძახიან, ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობს და ისეთ ფინტებს აკეთებს და ისე მაგრად „კენწლავს“, მისი ასაკის ბიჭებისგან გასაკვირი რომაა. სწორედ ამიტომაც მოხვდა „მთავარი არხის“ ყურადღების ქვეშ. ნანუკა ჟორჟოლიანმა და დავით ერაძემ საავტორო გადაცემაში „სპორტი დიდ ქალაქში“ მიიწვიეს ჩიბათელი ბიჭი. მანამდე იოს სოფელშიც ეწვია გადამღები ჯგუფი – ჩვენმა ნიჭიერმა ბიჭმაც ადგილზეც და სტუდიაშიც გააკვირვა მაყურებელი.

როგორც ცნობილია, გადაცემა „სპორტი დიდ ქალაქში“ ეძებს ახალგაზრდებს, ბავშვებს, საქართველოს მასშტაბით (განსაკუთრებით რეგიონებში), რომლებსაც სურთ იყვნენ სპორტსმენები, მაგრამ ფინანსური მდგომარეობის გამო ამას ვერ ახერხებენ. ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ განსაკუთრებული ნიჭი სპორტის სხვადასხვა სახეობაში. შერჩევა ხდება ვიდეოების მიხედვით.
სწორედ ასე მოხდა იოსების შერჩევაც.

„იოსები ნამდვილად გამორჩეული ნიჭით არის დაჯილდოებული, 7 წლისაა და უკვე გვაოცებს. მინდა გამოვყო მისი პასუხისმგებლობა, მონდომება და ფეხბურთისადმი სიყვარული“ _ ამბობს მისი მწვრთნელი ვაკო ბერია და სჯერა, რომ იოსები დიდ ფეხბურთს ითამაშებს.

იო რომ ასეთი მაგარი ბიჭია, ამაში დიდია მამის, ძალიან მაგარი კაცის, აკაკი ლომაძის წვლილიც. მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა და მეგობრებისთვის დათმობილი დროისა (აკაკი ნადირობითაა გატაცებული და მისი ოჯახი მეგობრებისთვის მეტად სასურველი ნავსაყუდელია), იგი ყოველდღიურად ახერხებს თავისი ნიჭიერი შვილი ინდივიდუალურადაც ავარჯიშოს. თუ ამას ამინდის გამო ვერ ახერხებენ, ოთახში აქვთ „მოწყობილი“ სტადიონი. „როგორც კი სახლში მივალ, სავარჯიშოდ წასვლას მთხოვს, რათა დახვეწოს ფინტები, არ ეზარება სირბილი და ძალიან მონდომებულია“ – ამბობს მამა.

აქამდე ვიცოდით, რომ ჩვენი მაგარი ბიჭით თბილისის „დინამო“ იყო დაინტერესებული და იოს აკადემიაში იწვევდნენ. ახლა კი ჩვენთვის მეტად გასაოცარი და სასიხარულო ამბავი გახდა ცნობილი – გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, იოსებ ლომაძით არც მეტი, არც ნაკლები გერმანული გრანდი – დორტმუნის „ბორუსია“ დაინტერესდა. ამაში მსოფლიო ჩემპიონ და „ბორუსიას“ ვარსკვლავ მარიო გიოტცესთან დაახლოებული ერთ-ერთი ქართველის წვლილია, ვინაც გერმანელებს ინფორმაცია და ვიდეოები მიაწოდა. ჰოდა, გადაწყვეტილია, იოსები ამ კარგი ქართველი კაცის რეკომენდაციით დორტმუნდის „ბორუსიის“ აკადემიაში მიიწვიეს. ჯერ ერთი თვით ივარჯიშებს იო გერმანიაში და დანარჩენს უკვე იქაური მწვრთნელები გადაწყვეტენ.

გურია თუდეი
guriatoday.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები