Ryanair-თან ქართული მხარე ხელშეკრულებას, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში გააფორმებს. ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიაკომპანია ფრენებს ევროპის ქვეყნებიდან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით შეასრულებს.  აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე ადასტურებს, თუმცა Ryanair -ის შემოსვლის კონკრეტულ ვადებზე ის ჯერჯერობით არ საუბრობს.

 “წინასწარ საუბარი არა მიზანშეწონილად მიმაჩნია და ამის დაანონსება ნაადრევია. მიმდინარეობს მოლაპარაკება რომ რამდენიმე რეისით შემოვიდეს. დიდი ალბათობით კომპანია იფრენს როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის აეროპორტების მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ამავე თემაზე ისაუბრა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამაც. „საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებასთან დაკავშირებით, ირლანდიურ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანია Ryanair-თან, შეთანხმება, ფაქტობრივად, ხელმოწერილია”, – აღნიშნა მან პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას.

„სამოქალაქო ავიაციაში წინ წავიწიეთ დამატებითი პირდაპირი რეისების თვალსაზრისით. ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს პირდაპირ რეისებზე. „რაინეართან”, ფაქტობრივად, მოწერილია ხელი,” – განმარტა გიორგი ქობულიამ.

მსგავსი თემები