13 სექტემბერს გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ შემოდგომის სეზონის ყველაზე აქტუალურ თემას, გრიპის ვირუსს დაეთმო. რა არის გრიპის ვირუსისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება, რამდენად შემცირდა ავადობის მაჩვენებელი გრიპის საწინააღმდგო ვაქცინით აცრილ ბავშვებში, რა ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინება გვმართებს ხველისა და მაღალი ტემპერატურის დროს და როგორც გავარჩიოთ კოკსაკის ვიურსი სხვა სახის ვირუსებისგან – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, პედიატრმა, მედიცინის დოქტორმა მაია ხერხეულიძემ ისაუბრა.
ქალბატონო მაია, რა პერიოდიდან უნდა ველოდოთ ვირუსების გააქტიურებას?
როგორც წესი, შემოდგომა–ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით იმატებს სასუნთქი სისტემის ინფექციები. ვირუსული ინფექცია საუკეთესოდ თავშეყრის ადგილებში ვრცელდება, ამ შემთხვევაში სკოლასა და ბაღში და ამიტომაც არის ამ ასაკში ვირუსები ასეთი ხშირი. მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, ორსული ქალბატონები, ამ დროს საყურადღებოა როგორც თავად დედა, ისე ნაყოფი და მოხუცები, სადაც ვირუსულ ინფექციებს გართულებები დასუსტებული იმუნიტეტის გამო მოყვება. ბავშვთა ასაკში ვირუსული ინფექციების მაღალ სიხშირეს განაპირობებს ერთი მხრივ თვითონ ვირუსული ინფექციების მრავალფეროვნება. აქ საუბარია არა ერთ ინფექციაზე, არამედ 200-ზე მეტ ვირუსზე. ჩვენ, უფროსები მხოლოდ იმიტომ ვხდებით ავად იშვიათად, რომ ბავშვობის ასაკში უკვე გადავიტანეთ ესა თუ ის ვირუსული ინფექცია და გაგვაჩნია გარკვეული იმუნიტეტი. ძალიან ხშირად მშობლები ამბობენ, რომ ბაღში მიყვანის დღიდან უკვე რამდენჯერმე იავადა პატარამ და სურთ გამოიყვანონ ბაღიდან. ჩვენ ასეთ დროს ყოველთვის ვურჩევთ, რომ ბავშვმა ეს დაავადებები უნდა გადაიტანოს და ჩამოუყალიბდეს იმუნიტეტი.
იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის ორი გზა არსებობს, ერთი ეს არის, როდესაც ბავშვს დაავადება გადააქვს და ყალიბდება იმუნიტეტი, ხოლო მეორე გზა ვაქცინის საშუალებით იმუნიტეტის შექმნა.
შესაძლებელია, პასიური იმუნიტეტის განვითარებაც და ამ დროს მზა იმუნოგლობულინი შეგვყვავს ხოლმე. 5-6 ავადობა სუსტ იმუნიტეტად არ მიიჩნევა.
მინდა ვუთხრა მშობლებს, რომ ბაღისა და სკოლის პირველ წლებში, წელიწადში რვაჯერ ვირუსული ინფექცია, ნორმაა. თუმცა, რა თქმა უნდა, დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი ეს არის ჰიგიენის ნორმების დაცვა, ორგანიზმის გაკაჟება და გრიპის ვაქცინაცია. უნდა ვიცოდეთ, რომ სჯობს ავიცრათ მანამდე, სანამ ვირუსების სეზონი დაიწყება, რადგან იმუნიტეტის გამომუშავებას დრო სჭირდება. გრიპის აცრა, სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, კეთდება ყოველწლიურად. თვითონ, ვირუსი ძალიან სწრაფად იცვლის თავის სტრუქტურას და ყოველწლიურად ახალი შტამი გხვდება. სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად ათ მილიონ ადამიანამდე ავადება გრიპით, სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინას გარკვეულ წილად აახლებს.
ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი მაღალი ტემპერატურაა. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ დროს?
მაღალი ტემპერატურა არის რეაქცია დაავადების წინააღმდეგ და ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ სასწრაფოდ უნდა დავწიოთ სიცხე. მაღალი ტემპერატურის დროს დამცველობითი ნივთიერებები უკეთ გამომუშავდება და ეს ორგანიზმს ეხმარება. მაღალი ტემპერატურას, როდესაც 38.5-ს ცდება, რა თქმა უნდა უნდა ვებრძოლოთ. როდესაც ვლინდება ცხელება, იკარგება დიდი რაოდენობით სითხე, სწორედ ამიტომ, ორგანიზმი უნდა დავტვირთოთ სითხით. არ უნდა ჩავაცვათ ბევრი, იმისთვის, რომ დაიწიოს სიცხემ, მნიშვნელოვანია სხეულმა გასცეს ტემპერატურა. ხშირად, ჩვილებს მაღალი სიცხე მხოლოდ იმიტომ აქვთ, რომ ისინი ძალიან არიან ჩათბუნებულნი. თუ ბავშვი წუხს, მედიკამეტი უნდა მივცეთ და უნდა გვახსოვდეს, რომ არ არის სწორი სიცხის წრაფად დაწევა.
ტემპერატურის სწრაფად აწევისა და ვარდნის დროს, უფრო ხშირია თუნდაც კრუნჩხვითი სინდრომის განვითარების რისკი. სიცხე ნელ-ნელა უნდა ჩამოვიდეს.
კარგია ამ დროს სხეულის თბილი წყლით დაზელვა, თუკი მაღალი ტპერატურისას კიდურები გაყინული აქვს პატარას, ეს ნიშნავს, რომ შევიწროვებულია სისხლძარღვები და სანამ ეს ასეა, ის სითბოს ვერ გასცემს. თბილის წყლით დაზელვა ხელს შეუწყობს ტემპერატურის დაწევას. ტემპერატურა ბევრ დაავადებას ახასიათებს. შეგვიძლია თუ არა განვასხვავოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე – ცხელებასთან ერთად ბავშვის ზოგად მდგომარეობას უნდა შევხედოთ, თუკი ბაქტერიული ინფექციაა, უფრო რთულია ბავშვის ზოგადი მდგომარეობა. არის ხოლმე ამ დროს ინტოქსიკაცია, ადინამია, მივარდნა. ტემპერატურის დაწევის შემდეგ თუკი პატარა ხასიათზე არ მოდის, მძიმე მდგომარეობაა. შეიძლება იყოს ან ძლიერი აგზნება, ან მივარდნა, შეუპოვარი ღებინება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ხმაურიანი სუნთქვა, სისხლიანი განავალი, დაუმორჩილებელი ტემპერატურა – ყველა ეს ნიშანი შესაძლოა მძიმე ბაქტერიული ინფექციის ნიშანი იყოს და დაუყონებლივ უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს. უნდა აღინიშნოს, რომ სიცხის დამწევს თავისი მოქმედების ვადა აქვს და რამდენიმე საათით თუკი დაიწევს, ეს ნიშნავს, რომ მას სიცხე ექვემდებარება. ზოგჯერ ხდება, რომ სიცხის დამწევის მიცემიდან 3 საათის განმავლობაში შედეგი არ არის, აქ სავარაუდოდ ძლიერი ინტოქსიკაციაა და ექიმთან ვიზიტია საჭირო.
ხველაზე მინდა გკითხოთ, როდისაა ეს სიმპტომი საგანგაშო და რა დროს საჭიროებს მედიკამენტების ჩართვას?
ხველა ფიზიოლოგიური დამცველობითი მექანიზმია. ორგანიზმი ცდილობს სასუნთქ გზებში მოხვედრილი უცხო სხეული თავიდან მოიცილოს. ხველა შეიძლება იყოს მშრალი, შემაწუხებელი, ან პირიქით სველი, ნახველიანი, რომელიც ქვედა სასუნთქი გზების დაზიანებაზე მიუთითებს. ხველა ყოველთვის საგანგაშო არ არის, ტემპერატურასთან, ცხვირიდან გამონადენთან და ყელის ტკივილთან ერთად ის ვირუსული ინფექციის ერთ-ერთი ნიშანია. რა თქმა უნდა ხველა მძიმე მდგომარეობაზეც შეიძლება მიუთითებდეს, თუ არის დამატებითი ხმიანობა, გაძნელებული მსტვინავი ამოსუნთქვა – ნიშნავს, რომ სასუნთი გზების ობსტრუქციაა და აუცილებლად პაციენტი ექიმთან უნდა მივიდეს. ასევე არის ხოლმე მყეფავი ხველაც რაც სასუნთქი გზების შევიწროებაზე მიუთითებს და საჭიროა დაუყონებლივი ჩარევა. ყივანახველა უხშირესად სწორედ ასე დგინდება, ამ დაავადებისას ბავშვი პრაქტიკულად ამოსუნთქვას ვერ ახერხებს. ხველის შემთხვევაში ხშირად მირეკავენ და მეუბნებიან რა მედიკამენტი შეიძლება მისცენ. ძალიან რთულია მოსმენის გარეშე პაციენტს ტელეფონით წამალი დაუნიშნო. ორ წლამდე ბავშვი ვერ ახერხებს კარგად ამოხველებას და ასეთ ასაკში თვითნებურად იწყებენ ხოლმე ამოსახველებლების მიცემას. ამ დროს კარგია თბილი სითხეების მიღება, კარგია ინჰალაცია. ყველა ორგანიზმი სხვადასხვანაირად ებრძვის დაავადებას. როდესაც საუბარია დაავადების სიმძიმეზე, კომპლექსში განვიხილავთ როგორც მიკროორგანიზმებს, ასევე მაკროორგანიზმებს.
მშობლებს ძალიან ეშინიათ ფილტვების ანთების, შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება, თუნდაც ვაქცინაციით…
ფილტვის ანთება სასუნთქი სისტემის ერთ-ერთ გართულებას წარმოადგენს, ხუთ წლამდე ასაკში ვირუსული ეტიოლოგია აქვს. თავიდან აცილება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია პირველ რიგში ვაქცინაციით.
პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა აცრების ეროვნულ კალენდარშია შეტანილი და უფასოა. სწორედ პნევმოკოკის ბაქტერია არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი მენინგიტის, პნევმონიისა და სასუნთქი გზების ინფექციების.
ამ ვაქცინის შემოტანა სწორედ მძიმე ინფექციების შემცირება იყო. ასევე, მნიშვნელოვანია ექიმთან დროული მიმართვა. ხშირია, როდესაც პაციენტი მოდის და ამბობს, რომ წინა დღეს ნახა ექიმმა და არაფერი ჰქონდა, დღეს კი ფილტვების ანთება აქვს. ანთება შეიძლება სამ საათში ჩამოყალიბდეს და ჩემს პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები ყოფილა.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მშობლების აზრი ორად იყოფა. ნაწილი მიიჩნევს, რომ მას ეფექტი არ აქვს და ის ასუსტებს ბავშვის იმუნიტეტს..
ასე არ არის. მაშინ, როდესაც დაავადების გამომწვევი ბაქტერია იჭრება ორგანიზმში, მის საპასუხოდ ხდება იმუნიტეტის გამომუშავება. გრიპი საკმაოდ მძიმედ მიმდინარე დაავადებაა განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. ჩვეულ სიმპტომებს ემატება დიარეა, კუნთების ძლიერი ტკივილი და ოტიტის, პნევმონიისა და სხვა დაავადებების გამოწვევის რისკი მაღალია.
აცრა ისევე ავითარებს იმუნიტეტს, როგორც ვირუსული ინფექცია, თუმცა სიმპტომების გარეშე. არანაირ ზიანს ის ორგანიზმს არ აყენებს. რა თქმა უნდა, გრიპის ვირუსზე აცრა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი ავად არ გახდება. გრიპის საწინააღმდეგო ვირუსი ბავშვს ყველა ვირუსისგან ვერ დაიცავს, თუმცა დანარჩენი ვირუსებიც უფრო მარტივად მიმდინაეობს, იმიტომ რომ ორგანიზმი აცრილია.
უნდა დავიცვათ ჰიგიენის ნორმები, ცემინებისა და ხველის დროს ავიფაროთ ხელსახოცი და ა.შ. ვირუსი ყველაზე კარგად სამი მეტრის რადიუსში ვრცელდება, მაგრამ არა გარეთ, საუბარია ჩაკეტილ სივრცეზე. რისკის ჯგუფს ხუთ წლამდე და სასკოლო ასაკის პირველი წლები მიეკუთვნება.
კოკსაკის ვირუსი, რომელზეც ზაფხულში ძალიან ხშირად საუბრობდნენ… რა სიმპტომებით ვლინდება ის?
კოკსაკის ვირუსი ენტეროვირუსს მიეკუთვნება. მას სხვადასხვა ტიპის მიმდინარეობა აქვს, შესაძლებელია გრიპის მსგავსი სიმპტომებითაც მიმდინარეობდეს, შეიძლება სხვადასხვა ორგანო დააზიანოს, უხშირესად ხველების ფორმით ვლინდება და თან ერთვის ნაწლავთა გახშირებული მოქმედება და ღებინება. თურქეთში ბევრი შემთხევა დაფიქსირდა, თუმცა ეპიდემიაზე საუბარი არ არის. ერთ-ერთ ფორმას პირის, ხელისა და ფეხის დაავადება წარმოადგენს, რადგან გამონაყარი ხელებზე, ფეხებსა და პირის ირგვლივ ჩნდება, ასევე პირის ღრუშია ლოკალიზებული. გამონაყარი არის წითელი ლაქოვანი, შესაძლოა ბუშტუკებიც იყოს და გამომწვევი აქაც კოკსაკის ვირუია.
ენტეროვირუსები მძიმე მენინგიტების გამოწვევია ხოლმე, უხშირესად გრიპის ტიპის, ან გასტროენტერიტის ტიპის არის. პირველ რიგში ეს დაავადება საშიშია იმით, რომ არ მოხდეს გაუწყლოება, საუკეთესო ვარიანტია ორალური საჰიდრატაციო მარილი. თუ გაუწყლოება შორს წავიდა, შეიძლება ძალიან მძიმე შედეგი მივიღოთ.