LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავჭალა-დიდი დიღმის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა დაიწყო

87

თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემის სტაბილური ფუნქციონირების მიზნით, გაზის მიღებისთვის საჭირო დამატებითი გაზსადენის მშენებლობა დაიწყო.

პროექტი  გულისხმობს 8 300  მეტრის სიგრძის, ავჭალა-დიდი დიღმის დამაკავშირებელი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობას. პროექტის განხორციელებას შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს  და მისი ღირებულება 1 მლნ 700 ათას ლარს შეადგენს.

ამასთან, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მაგისტრალური გაზსადენის სისტემაზე შეჭრის და მიერთების წერტილში მოეწყობა სათაო გაზგამანაწილებელი სადგური (გაზის მარეგულირებელი მოწყობილობის, ხარჯმზომი კვანძის და გაზის ოდორიზაციის კვანძის გათვალისწინებით); ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან (ასაშენებელი გამანაწილებელი ქსელის ბოლო წერტილში) მოეწყობა გაზმარეგულირებელი პუნქტები.

როგორც ენერგეტიკის სამინისტროში განმარტეს, გაზის მიღებისთვის საჭირო დამატებითი გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ თბილისი გაზის დამატებითი რაოდენობის მიღებას  შეძლებს, რაც  გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს  დედაქალაქის გაზგამანაწილებელი სისტემის მუშაობის სტაბილურობას.

ავჭალა-დიდი დიღმის დამაკავშირებელი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დღეს ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და  შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა  მმართველმა გია ბენაშვილმა დაათვლიერეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g