გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავით ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფიდან თბილისში ჩამოიყვანეს ქართველი ჯარისკაცი, რომელიც მისიის დროს მძიმედ დაავადდა. ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში სამშვიდობო მისიის ფარგლებში იმყოფებოდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საკონტრაქტო პერიოდი ვადაზე ადრე შეწყდა. ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. განმარტებულია, რომ დაავადება, რომელიც ჯარისკაცს აღენიშნება, კორონავირუსთან კავშირში არ არის, თუმცა მისი სერიოზულობიდან გამომდინარე გერმანიის საჰაერო ძალებმა ავღანეთიდან ავადმყოფის სასწრაფო ევაკუაცია მოახდინეს.
“კვირას, 7 ივნისს გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავით Airbus A 400M მოხდა ავადმყოფი ქართველი ჯარისკაცის მაზარ-ე შარიფიდან თბილისში გადმოყვანა. ჯარისკაცი ქართულ კონტიგენტთან ერთად ავღანეთის ჩრდილოეთში მისიის შესასრულებლად იმყოფებოდა, რა დროსაც მძიმედ დაავადდა. მისი დაავადება არ არის კავშირში კოვიდ-ინფექციასთან, მაგრამ იმდენად სერიოზულია, რომ აუცილებელი გახდა მისი საქართველოში გადმოყვანა. ქართველი ჯარისკაცები უკვე ხუთი წელია გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად ნატო-ს ოპერაციის „Resolute Support“ (მტკიცე მხარდაჭერა) ფარგლებში ჩრდილო ავღანეთში ასრულებენ სამშვიდობო მისიას. ავადმყოფი ან დაჭრილი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნება არის „Resolute Support“-ის ფარგლებში თანამშრომლობის ქართულ-გერმანული ხელშეკრულების ნაწილი” – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.