ცესკოს ცნობით, 26 ნოემბერს, ავღანეთის დროით 07:00 საათზე, ორი საარჩევნო უბანი გაიხსნება – ბაგრამის საარჩევნო უბანი – „ბაგრამის საავიაციო ბაზაზე” და №2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი – „ბაზა მარმალიზე”.
ორივე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 896 სამხედრო მოსამსახურე. პროცესი უნდა დასრულდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა ავღანეთის დროით. ამის შემდეგ, დალუქულ დოკუმენტაციას ჩამოიტანენ კომისიის წევრები და 28 ნოემბერს დაითვლიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
ავღანეთში, 26 ნოემბერს, არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისის სხდომაზე მიიღეს.
პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.