LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიაში Toyota-ს კრეატიული რეკლამა აკრძალეს – რატომ?

106
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ავსტრალიის მარეგულირებელმა ორგანოებმა Toyota Hilux-ის ახალი სარეკლამო რგოლი შეუფერებლად მიიჩნიეს. მათი შეფასებით, ვიდეოში ნაჩვენებმა ქცევამ შესაძლოა არალეგალური და პოტენციურად სახიფათო ქმედება წაახალისოს. ამის შესახებ გამოცემა CarExpert წერს.

რეკლამაში ჩანს, როგორ ტოვებენ ძაღლები საკუთარ პატრონებს, სამსახურებრივ პოსტებსა და სხვა ავტომობილებს, როცა გზაზე ახალი Hilux-ი გამოჩნდება. ისინი მანქანას მისდევენ და საბოლოოდ მისი ძარა ძაღლებით ივსება.

ვიდეოში პიკაპი კონკურენტ მოდელებსაც „აჯობებს“ – ტალახში ჩარჩენილ Ford Ranger-ს, აღმართზე ძლივს ამავალ Mitsubishi Triton-ს და გზის პირას გაფუჭებულ Mazda BT-50-ს. სამართლებრივი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, რეკლამაში კონკურენტების ძველი თაობის მოდელებია გამოყენებული.

თუმცა ავსტრალიაში მსგავსი იუმორი და კრეატიული გადაწყვეტა არ მოიწონეს. რეკლამის სტანდარტების კომისიაში განაცხადეს, რომ მიღებულია საჩივრები ვიდეოში ნაჩვენები „საშიში და პოტენციურად არალეგალური ქცევის“ შესახებ. მათი განმარტებით, ძაღლები ან საბელით უნდა იყვნენ მიბმული, ან უსაფრთხოდ გადაყვანილი სპეციალური წესების დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი განმცხადებელი სამსახურებრივი ძაღლებისთვის გამონაკლისს აღნიშნავდა, კომისიის შეფასებით, რეკლამა ვერ პასუხობს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებსა და საზოგადოებრივ მოლოდინებს. 

Toyota-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვიდეო გადაჭარბებული, ჰიპერბოლიზებული სტილითაა შექმნილი და ერთგულების იდეის წარმოჩენას ემსახურება. მათი თქმით, გადაღებების დროს არც ერთი ძაღლი არ დაზიანებულა, ხოლო ის ეპიზოდები, რომლებიც კომისიამ სახიფათოდ მიიჩნია, კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით არის შექმნილი.

თუმცა კომპანიას ახლა არჩევანი აქვს – ან შეცვალოს რეკლამა, ან მთლიანად მოხსნას ის ეთერიდან.

აღსანიშნავია, რომ Toyota მსგავსი აკრძალვის წინაშე ავსტრალიაში პირველად არ დგას. 2023 წლის დეკემბერში რეგულატორებმა GR Yaris-ის რეკლამაც გააჩერეს, რადგან ის, მათი შეფასებით, საშიში მართვის წახალისებას შეიცავდა. ანალოგიური შემთხვევა 2021 წელსაც დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g