ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ექსპერტები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობასა და საწვავის ფასების ზრდას უკავშირებენ. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.
2026 წლის პირველ კვარტალში კონტინენტურ ევროპაში დაახლოებით 500 000 ელექტრომობილი გაიყიდა – ეს თითქმის ერთ მესამედით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. განსაკუთრებით მკვეთრი ზრდა მარტში დაფიქსირდა: 15 უმსხვილეს ბაზარზე გაყიდვები ერთ თვეში 51%-ით გაიზარდა და 224 000 ერთეულს მიაღწია.
ელექტრომობილების გავრცელების მხრივ ლიდერობას ინარჩუნებს ნორვეგია, სადაც გაყიდვებში მათი წილი უკვე 98%-ს აღწევს. შემდეგ მოდიან დანია (76%) და ფინეთი (50%).

მსხვილ ევროპულ ბაზრებზეც მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება – გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიასა და პოლონეთში მოთხოვნა საშუალოდ 40%-ით გაიზარდა. მაგალითად, იტალიაში მარტში ელექტრომობილების გაყიდვები 65%-ით გაიზარდა, თუმცა მათი წილი ბაზარზე ჯერ კიდევ შედარებით მცირეა – დაახლოებით 8,6%. შედარებისთვის, საფრანგეთში ეს მაჩვენებელი უკვე 28%-ს აღწევს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუ საწვავის ფასები კვლავ გაიზრდება, ელექტრომობილებზე გადასვლის ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება.
ამავე დროს, პროგნოზების მიხედვით, ჩინეთი შესაძლოა მომდევნო ათწლეულის ბოლოსთვის თითქმის სრულად გადავიდეს ელექტრო და ჰიბრიდულ ტრანსპორტზე. ვარაუდობენ, რომ 2040 წლისთვის მათი წილი ბაზარზე დაახლოებით 90% იქნება.
