მეცნიერებმა უნიკალური ალბინოსი-ვეშაპი ავსტრალიის სანაპიროებთან გადაიღეს. თეთრ ვეშაპს თავისი ,,ინსტაგრამ”- გვერდიც კი აქვს და მისი გამოჩენის შესახებ ინფორმაცია სწორედ იქ გავრცელდა. ზღვის ძუძუმწოვარს ზედმეტსახელი Migaloo (ანუ „თეთრი ყმაწვილი“)შეარქვეს და ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ავსტრალიაში, კერძოდ კი ახალი სამხრეთ უელსის შტატის სიახლოვეს მიგალუ გადაადგილდებოდა.
თეთრი ვეშაპი პირველად 1991 წელს აღმოაჩინეს და უჩვეულო გარეგნობის გამო მან პოპულარობა მალევე მოიპოვა. სხვა კუზიანი ვეშაპებისგან განსხვავებით, ის მთლიანად თეთრია. 30 წლის განმავლობაში მკვლევარებმა სულ სამი თეთრი ვეშაპი იპოვეს და სამივეს ალბინოსებად თვლიან.
ვეშაპები ყოველ წელს ანტარქტიდიდან ავსტრალიისკენ გამრავლების სეზონზე გადაადგილდებიან. შემდეგ კი უკან ჩრდილოეთში ბრუნდებიან.
„ალბინოსი ვეშაპის ნახვა ეს იგივეა, რომ თივის ზვინში ნემსი იპოვოთ. ასეთი ანომალია მილიონში ერთხელ ხდება. მიგალუ მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვნახე“ – განაცხადა ზღვის ბიოლოგმა ვანესა პიროტამ.
ამჟამად მეცნიერები იმის დადგენას ცდილობენ, ავსტრალიაში შემჩნეული ვეშაპი აქამდე ნაპოვნი ვეშაპებიდან ერთ–ერთია თუ ახალი გამოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ თეთრ ვეშაპებს ავსტრალიური კანონი იცავს და მათთან მიახლოება სოლიდური ჯარიმით – 16,500 დოლარით ისჯება.