LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთანდილი:  „მოდაში ისევ ქალური სილუეტები შემოდის, ასევე წვეტიანი ფეხსაცმელი და ეს მიხარია…“

136

ავთანდილ ცქვიტინიძეს fortuna.ge საახალწლო რჩევებისთვის დაუკავშირდა. დიზაინერმა ამ თემაზე იხუმრა კიდეც, ჟურნალისტები ყოველ წელს წინასაახალწლოდ მირეკავთ და მეკითხებით, ახალ წელს რა უნდა ჩავიცვათ, მე კიდევ აქამდე მოდაში ორი სეზონი ვიცოდი – გაზაფხული-ზაფხულის და შემოდგომა-ზამთრისო. ასეა თუ ისე, ავთანდილი მაინც დაგვთანხმდა და გარკვეული რჩევებიც გაგვიზიარა საახალწლო „ლუქთან“ დაკავშირებით.

რა ჩავიცვათ საახალწლოდ, რომ მოდურად გამოვიყურებოდეთ…

ავთანდილ ცქვიტინიძე:

(იღიმის) ახალ წელს, ჩემი აზრით, ჯობს, შინაგანად იყო ამ ზეიმისთვის მზად. ასეთ დროს ყველა უარყოფითი ემოცია, რაც წინა წლებში იყო, მოისროლო და გადაკარგო. ახალი ტანსაცმელი ამაში გვეხმარება ხოლმე, ახალს ყოველთვის მოაქვს ემოცია, რომელიც გვჭირდება. სასურველია, არ იყოს შავი ფერის. ჩემთვის ახალი წელი წითელთან, ბრჭვიალასთან ასოცირდება, სახლის, ასე ვთქვათ, ღუღუნა სიტუაციაში, -აუცილებლად კუბოკრულ, წითელ ფერში გადაწყვეტილ პიჟამასთან. თუკი სახლში ხვდებით ახალ წელს, მნიშვნელოვანია, როგორია სუფრა და როგორ არის დახუნძლული ნაძვის ხე. მოდი, ასტროლოგებსაც ავყვეთ – არა მგონია, რომ ქართულ სახეებს ყვითელი ძალიან აკვდებოდეს (იცინის), მაგრამ რაიმე შარფიკს ან დეტალს შევურევთ მთლიან ჩაცმულობას, არ იქნება ცუდი… მოდაში ახალ წელს არის კეთილი გული, განწყობა და ბედნიერება. ამას თუ შეძლებთ, ყველაზე ბედნიერი „ლუქი“ გექნებათ. სადღეგრძელოსავით გამომივიდა (იცინის).

თავად შენ რას იცვამ საახალწლოდ? შავს, როგორც ყოველთვის ხარ გამოწყობილი?

შავის გარეშე არ ხდება მართლაც, მაგრამ ოჯახის წევრებს გვაქვს ირმებიანი და ფიფქებიანი თბილი ნაქსოვი ზედები. ასე გამოვიყურებით ხოლმე მთელი ოჯახი. მეორე დილით, ზუსტად ვიცი, რომ კუბოკრული პიჟამა მაცვია, აღმოვაჩენ ტელევიზორს და ვუყურებ ძველ ფილმებს. პირველი იანვრიდან კი მივფრინავთ თბილ ქვეყნებში, რომ გოჭი-საცივი-მანიას ავცდეთ. ახლაც ვაპირებთ გამგზავრებას, კვლავ თბილ ქვეყანაში (იღიმის).

2018 წელს რა არის მოდური?

ზოგადად, მოდის ტენდენციების რეალურ ცხოვრებაში ბოლომდე გათავისება რთულია. ყოველთვის მნიშვნელოვანია, ინდივიდუალური სტილი არ დაკარგოთ. 2018 წელს აქტუალურია ბრჭვიალა ქსოვილები, ასევე დიდი ორნამენტებითა და ნახატებით. შემობრუნდა კუბოკრული თემა, მაღალსათავიანი წვრილ წელზე შარვლები, წვეტიანი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რაც ქალურობას მოგვაგონებს და ხაზს უსვამს, ქალურობა დაკარგული იყო ბოლო პერიოდში და მე ამას არ მივესალმები, წელში ქამარზეც იმავეს თქმა შემიძლია. მოდაშია ბუნებრივი ვარცხნილობა და მაკიაჟი, ხელოვნური მელირების გარეშე თავზე, დაკრული დიდი წარბები გადადის მოდიდან და ეს ძალიან მიხარია. გაურკვეველი დიდი ზედის, დიდი შარვლისა და უხეში ფეხსაცმლის მოდაც დასრულდა და ესეც მახარებს. ქალი ნელ-ნელა დაემსგავსება ქალს და მამაკაცი – მამაკაცს. ალილუია (იცინის).

ყველა დიზაინერი, რა თქმა უნდა, თანამედროვე ტენდენციებს ითვალისწინებს, ყველა თავისი ვერსიით. ქალურ სილუეტებზე უარი არც არასდროს მითქვამს და მომხმარებელს დოზირებულად ვაწოდებდი, ახლა კი უფრო მეტად გამეხსნება ხელ-ფეხი.

შენთან მაღაზიებში, და კიდევ ერთი ახლახან გაიხსნა „გალერია თბილისში“, რისი შეძენა შეუძლია მსურველს საახალწლო ღამისთვის?

ნებისმიერი ადგილისთვის, სადაც დროის გატარება აქვს დაგეგმილი, ქალაქგარეთ იქნება – გუდაურსა თუ ბაკურიანში, ამისთვისაც არის ცალკე „ლუქები“, რესტორანში გასატარებელი საღამოსთვის – გამოყვანილი ხავერდის, წითელი კაბები, სახლშიც რომ გაიპრანჭოთ და ეს ყველაფერი სასაცილოდ რომ არ გამოიყურებოდეს, ჩვენს მაღაზიებში ასეთ სამოსსაც მოძებნით. თუმცა თუკი ვინმეს ეცინება, გულით გაიცინოს. ამ დღესასწაულს ღიმილი ყველაზე მეტად უხდება (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g