LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავტობანი“ – ავტონაწილების ხარისხის სტანდარტი 1995 წლიდან!

986
ბაკურ ხუნდაძე

კომპანია „ავტობანი“ უკვე 30 წელია, რაც მსოფლიო ავტომწარმოებლებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის დამაკავშირებელი რგოლია. მის ძირითად საქმიანობას ორიგინალი ხარისხის ავტონაწილებისა და პრემიალური კლასის ნავთობპროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია წარმოადგენს.

ავტობანისგენერალური დირექტორი ბაკურ ხუნდაძე გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ კომპანიის მიერ განვლილ გზას იხსენებს:

– 30 წელი მართლაც 24 საათიან შრომაში გაფრინდა. ეს საქმე ნულიდან მაშინ დავიწყეთ, როცა ბიზნესმა კრიმინალების წნეხისგან ცოტათი ამოსუნთქვა შეძლო. განათლებით არქიტექტორი და კინორეჟისორი ვარ. ერთხელ ჩემმა მეზობელმა, ასევე არქიტექტორმა ბიჭმა, რომელსაც ძველისძველი მერსედესი ჰყავდა და მისი ძრავის ნაწილებს ვერ შოულობდა, სტამბოლში გაყოლა მთხოვა. წავყევი და სწორედ იქ, ადგილზე ნანახით მივხვდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სფერო ასათვისებელი იყო. დიდი სასტარტო ფული არ დაგვჭირვებია, 1100 დოლარით წავედით და ის, რაც 2 ჩანთით ჩამოვიტანეთ, დაახლოებით ორ კვირაში სრულად გამოგვტაცეს ხელიდან. რადგანაც ბიზნეს იდეამ გაამართლა და ამასთან, მთელი ცხოვრება მწამს, რომ რასაც აკეთებ, გულით უნდა აკეთო, ყველაფერს შევეშვი და თავიდან ბოლომდე გადავერთე ავტოინდუსტრიაში. ჩავთვალე, რომ ეს ცხოვრების მიერ მოცემული შანსი იყო. ამას წინ ცხინვალში ყოფნაც უძღოდა, სადაც ომზე წელიწადნახევრის განმავლობაში დოკუმენტურ ფილმს ვიღებდი. ტყვიების ქვეშ თავდაუზოგავი მუშაობისთვის პრემიად მხოლოდ 20 ლიტრი ბენზინი მომცეს… იმაში დარწმუნებამ, რომ ოჯახის გამოსაკვებად პროფესია აღარ გამომადგებოდა, თამამად მოვკიდე ხელი ახალ საქმეს.

– თქვენს ერთ დიდ ოჯახად ჩამოყალიბებულ გუნდზეც მოგვიყევით.

– ჩვენი კომპანია, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტრადიციებზე დგას. „ავტობანის“ დაარსების დღიდან ვინც ჩვენთან მოდის, საქმეს სწავლობს და ვითარდება, დიდი ხნით რჩება კომპანიაში. ენერგიას არ ვიშურებთ, რომ ჩვენი კადრების 99% შევინარჩუნოთ, მათ შორის ახალგაზრდები, რომელთა ინტენსიური გადინება-მოდინება დღევანდელი ბაზრისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

– მომხმარებლების რაოდენობის ზრდისთვის პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნებაა საჭირო, ამ მხრივ რით იწონებთ თავს ქართულ ბაზარზე?

– მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად თავიდანვე ავიღეთ ორიენტაცია წამყვანი ავტომწარმოებლების ქარხნებიდან იმპორტირებულ პროდუქტზე, რაც, შესაძლოა, ნაკლებად მომგებიანია, მაგრამ სამაგიეროდ ღირსება გაქვს შენარჩუნებული – ამაყად ყიდი ამა თუ იმ დეტალს, რადგან იცი, რომ მომხმარებელი არასდროს მოგიტყუებია. დღეს კომპანია 100-ზე მეტ ბრენდსა და 80 მომწოდებელს წარმოადგენს. დაახლოებით 40 ათას დეტალზე ავედით, რაც კავკასიაში ერთ-ერთი მსხვილი საწყობის მქონე კომპანიად გვხდის. საწყობის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია – დეტალი არ უნდა იყოს საძებარი, ის მომხმარებელს  2-3 წუთში უნდა მიაწოდო. ზოგჯერ დეტალის მიმღებს ვერ წარმოუდგენია, რა გზას გადის ეს დეტალი დახლზე მოსახვედრად. მაგალითად, იაპონიაში შეკვეთილი სამუხრუჭე ხუნდის ჩამოსვლას 9 თვე სჭირდება… აქვე დავძენ, რომ ჩვენ პარტნიორები გვყავს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა იაპონია, კორეა, გერმანია, ესპანეთი, ინგლისი, იტალია და აშშ. ზოგადად, ჩვენს სფეროში ძალიან ბევრი გამოწვევაა, ძალიან მაღალია კონკურენცია, მარტო ზეთის, აკუმულატორის და საბურავის შემომტანი 3000 კომპანიაა საქართველოში, ამიტომაც ეს ბიზნესი ყველაზე შეჭირხნილი ფასებით მუშაობს.

– საქართველოს მასშტაბით ოპერირებას თუ გეგმავთ?

– რაღაც დროის განმავლობაში ჩვენ თბილისურ კომპანიად მოგვიხსენიებდნენ, რადგან მთლიანად დედაქალაქზე ვიყავით კონცენტრირებულნი. რეგიონები, შედარებით მაღალი ფასების გამო, ჩვენთან საქმის დაჭერისგან თავს იკავებდნენ, ამიტომ ექსპერიმენტი ჩავატარეთ, ფილიალი თელავში გავხსენით და ახლა ვაკვირდებით, ადგილობრივ მომხმარებელს რამდენად შევძლებთ დავუმტკიცოთ ხარისხის უპირატესობა, რამდენად შევძლებთ მის დარწმუნებას იმაში, რომ ხარისხი სინამდვილეში ხარჯების ოპტიმიზაციას განაპირობებს.

– როგორც მომხმარებელი იზრდება მაღალი ხარისხის პროდუქტითა და სერვისით, ისე მომხმარებლის უკუკავშირიც ზრდის კომპანიას, თქვენს შემთხვევაში როგორ ყალიბდებოდა მომხმარებელთან ურთიერთობა ამ წლების განმავლობაში?

– „ავტობანი“ მარკეტინგული აქტივობებით დიდად არ გამოირჩევა, ჩვენი მთავარი რეკომენდატორები ყოველთვის მომხმარებლები არიან. ზოგიერთ მომხმარებელი ჩვენამდე იმ ხელოსნის რეკომენდაციითაც მოსულა, რომელმაც იცის, რომ „ავტობანში“ შეძენილ ნაწილზე პრობლემები არ შეიქმნება.

– „ავტობანი” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეული კომპანიაცაა, ჩვენს აუდიტორიასაც მოვუყვეთ, რაში გამოიხატება ეს.

– გარემოზე საზრუნავად „ავტობანმა“ ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია დააფუძნა. მისი მიზანია, ავტოინდუსტრიაში ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკა დაინერგოს. ჩვენ 100%-ით ვიბრუნებთ ჩვენ მიერ გაყიდულ საბურავს, აკუმულატორსა და ზეთს და მთლიანად გადამუშავებაზე ვუშვებთ. ჩვენთვის საამაყოა, რომ ჩვენ მიერ წარმოქმნილი ნაგვით გარემოს საერთოდ არ ვაბინძურებთ.

– საერთაშორისო ასპარეზზე აღიარების მნიშვნელობაზეც გავამახვილოთ ყურადღება.

– ხანდახან ვამბობ, რომ უცხოეთში უფრო გვიცნობენ, ვიდრე საქართველოში. ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები ბაზრის ექსპერტებადაც კი მოგვიხსენიებენ, რადგან, თანამშრომლობის ფარგლებში, ბევრი რამ შეგვიცვლევინებია მათთვის, გნებავთ საფასო სეგმენტში, გნებავთ ხარისხში. ამა თუ იმ დეტალის სტანდარტიდან ამოვარდნასაც პირველები ჩვენ ვაპროტესტებთ ხოლმე. ჩვენი მოთხოვნები ხშირად დაკმაყოფილებულა, პარტნიორებს ხშირად გაოცებითაც კი აღუნიშნავთ, რომ ასე გვაღელვებს ყველა ნიუანსი. აქვე დავძენ, რომ „ავტობანი“ მსოფლიო ავტომწარმოებელთა გაერთიანების – TEMOT International Group-ის წევრი და აქციონერია, რაც ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა. ამ გილდიაში მთელი მსოფლიოდან, დაახლოებით, 180 კომპანიაა გაერთიანებული, ჩილე-არგენტინით დაწყებული, იაპონიით დამთავრებული. მისი წევრობა კომპანიის მაღალ სანდოობაზე მიანიშნებს, შესაბამისად, ახალ პარტნიორთან კომუნიკაციისას ყველანაირი ზედმეტი კითხვა იხსნება. გილდიის წევრობის წყალობით შეუფერხებლად ვმუშაობთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g