26 იანვრიდან ავტობუსებში მძღოლის და წინა კარის ზონასთან არსებული დამცავი ბარიერები მოიხსნა.
გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ თბილისის მუნიციპალიტეტის წინადადების საფუძველზე მიიღო.
„თბილისის მუნიციპალიტეტმა წინადადებით მიმართა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, გაუქმებულიყო რეკომენდაცია, ავტობუსებში მძღოლებისთვის ბარიერების მოწყობის თაობაზე.
აღნიშნულ წინადადებას საბჭო დაეთანხმა და მგზავრები შეუფერხებლად შეძლებენ ავტობუსის წინა კარით სარგებლობას. ბარიერები მოიხსნა ყველა მუნიციპალურ ავტობუსში“, – განუცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში „ფორტუნას“.
კითხვაზე, შექმნილ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში, როგორ იქნებიან მძღოლები დაცული, (შეზღუდვა სწორედ მათ დასაცავად დაწესდა), სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ: „ავტობუსებში მძღოლები ისედაც ბარიერით არიან დაცული, მათი ადგილი დანარჩენი მგზავრებისგან კაბინით არის გამოყოფილი. პირბადის ტარება კი მათთვის კვლავ სავალდებულოდ რჩება, შესაბამისად მძღოლების ჯანმრთელობა დაცული იქნება“.