ახალი ავტომობილების ღირებულება 2021 წლის ბოლომდე კიდევ 4-5%-ით მოიმატებს. ღირებულების მუდმივი ცვლილების მთავარი მიზეზი ისევ ახალი მოდელების დეფიციტია, რაც მიკროჩიპების სიმცირით და შესაბამისად წარმოების შეჩერებითაა გამოწვეული. ავტომობილებთან დაკავშირებული სიტუაცია 2022 წლის შუა ნაწილამდე სავარაუდოდ, ვერ გაუმჯობესდება და უფრო მეტიც, ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ელექტრონული დეტალების პრობლემა 2023 წელსაც შენარჩუნდება.
ამა წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ყველა სეგმენტის ავტომობილი გაძვირდა, მათ შორის B-კლასის ბესტსელერებიც. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო იყო Volkswagen Polo-ს ფასის ზრდა, რომლის ღირებულებამაც იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში 27,4%-ით მოიმატა.
მეორე ადგილს 24,6%-იანი ფასნამატით კროსოვერების სეგმენტი იკავებს და ამ შემთხვევაში მოთხოვნა მაინც იმდენად მაღალი იყო, რომ ზოგიერთ სიახლეზე რიგში დგომა დამკვეთებს 2-3 წელიც კი მოუწევთ.
ექსპერტებს უჭირთ დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება და ვერც იმას ამბობენ ზუსტად, თუ როდის გადალახავს ავტო სამყარო პანდემიის გამო გამოწვეულ უამრავ პრობლემას.