LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა – რა იცვლება მძღოლებისთვის ივლისიდან

neden-kasko-sigortasi-yaptirmaliyiz

ავტოსაგზაო შემთხვევა უსიამოვნებებთან რომ ასოცირდება, ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია. პრობლემა უფრო მეტად მწვავეა, თუ შემთხვევა თქვენ მიერ, არასწორი ქმედების განხორციელების შედეგად მოხდა და არც საჭირო თანხა არ გაქვთ პრობლემის მოსაგვარებლად.

მძღოლის დაუდევრობის, უყურადღებობის, არასაკმარისი ცოდნის, სატრანსპორტო საშუალების არასათანადო მოვლა-პატრონობისა და სხვადასხვა მიზეზების გამო, იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის ალბათობა.

სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის დადგომის დროს, მატერიალურ გარანტიას, 2019 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედებული, ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა უზრუნველყოფს.
ცვლილება მესამე პირის დაზღვევას ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენდა უნებურად ვინმეს ავტომობილი დააზიანეთ, სადაზღვევო კომპანია დაზარალებულს თანხას აუნაზღაურებს.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან მძღოლის გადაადგილება სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე, სანქციებს გამოიწვევს. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც უშუალოდ საქართველოში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ეხება.

საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება, საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიოს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სავალდებულო დაზღვევის შეძენა შესაძლებელია მზღვეველთან, დაზღვევის აგენტის ან სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით, ელექტრონულ-ტექნიკური გადახდის საშუალებით.

ცვლილებების თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით, მზღვეველი ვალდებულებას იღებს, მატერიალური ზიანი აანაზღაუროს, რომლის გადახდა ეკისრება მფლობელს ან მძღოლს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და მისი მონაწილეობით დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე.

ინიციატივის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შეძენის აუცილებლობა არ გავრცელდება საქართველოს თავდაცვის ძალების, ასევე იმ სახელმწიფო ორგანოების ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც სამხედრო დანიშნულებისთვის გამოიყენება, გარდა ავტობუსების, მსუბუქი მანქანებისა და სხვა სამეურნეო დანიშნულების ტრანსპორტისა.

კანონპროექტის მე-5 მუხლი ადგენს წლიური დაზღვევის მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით:

ა) მოტოციკლისთვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი;

ბ) მსუბუქი ავტომობილისთვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 – 150.00 ლარი;

გ) ავტობუსისთვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160.00 – 240.00 ლარი;

დ) სატვირთო ავტომობილისთვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210.00 – 310.00 ლარი;

ე) მისაბმელისთვის – 50.00 – 75.00 ლარი;

ვ) სასოფლო-სამეურნეო მანქანისთვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისთვის – 60.00 – 90.00 ლარი.

სადაზღვევო პრემიების გაანგარიშების დროს, მხედველობაში იქნა მიღებული მსოფლიო ბანკის ექსპერტების, მათ შორის, აქტუარების მიერ გაანგარიშებული და შემოთავაზებული მაჩვენებელი მსუბუქ ავტომობილებზე, საქართველოში არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით.

საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა კანონმდებლობით განისაზღვრება. ლიმიტის ოდენობა „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტშია გაწერილი.

მომზადებული ცვლილებებით, სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში თითოეული დაზარალებულის ჯანმრთელობისთვის, ქმედობაუნარიანობისთვის ან სიცოცხლისთვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა 30 000 ლარი იქნება, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი – 300 000 ლარი.

კანონპროექტით, სადაზღვევო ლიმიტი ერთი დაზარალებულისთვის შემდეგი ოდენობით განისაზღვრება: ჯანმრთელობის დაზიანების გამო, სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის გასაცემი სადაზღვევო ან აზღაურების მაქსიმალური ოდენობა – 15 000 ლარი იქნება, ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ან გარდაცვალების გამო გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა – 30 000 ლარი.

ინიციატივით განსაზღვრულია ასევე, სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა დაზარალებულის ქონებისთვის მიყენებული ზიანისთვის. კერძოდ, ცვლილებებით, სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს, ერთი დაზარალებულის ქონებისთვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა 25 000 ლარი იქნება, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის, სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი – 50 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

კანონმდებლობის დონეზე განმარტებულია, თუ რას ითვალისწინებს დაზარალებულის ქონებისთვის მიყენებული ზიანი. ესენია: დაზარალებულის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება ან განადგურება; გზის საფარის, გზის კონსტრუქციული ელემენტის, შენობის ან ნაგებობის დაზიანება ან განადგურება; დაზარალებულის ქონების დაზიანება ან განადგურება.

პროექტში ნათქვამია, რომ თუ დაზიანებული ქონების შეკეთების ან აღდგენის რეალური ღირებულება ამ ქონების საბაზრო ღირებულების 70 პროცენტია, ან 70%-ზე მეტია, შემთხვევა ქონების სრულ განადგურებად (დაღუპვად) განიხილება. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ზიანის ოდენობაზე ვერ შეთანხმდებიან, თითოეულ მათგანს უფლება ექნება, ზიანის ოდენობის დასადგენად დამოუკიდებელ ექსპერტიზას მიმართოს. დამოუკიდებელი ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება კი, დაინტერესებულ მხარეს ეკისრება. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საკითხი კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყდება.

“ქართული ოცნების” წევრი რომან კაკულია ავტომობილების სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით, რადიო „ფორტუნასთან“ საუბრობს.

„უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ჩვენ გვავალდებულებდა, ამ შიდა რეგულაციის შემოღებას და ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა, ზუსტად ამ კანონმდებლობის გაგარძელებაა.“ – აცხადებს რომან კაკულია.

უმრავლესობის დეპუტატის შეფასებით, ასეთი ტიპის ცვლილება ისე ვერ ჩაივლის, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილების გამოხატვა არ მოხდეს.
მისივე თქმით, ეს ხშირ შემთხვევაში შეიძლება საფუძვლიანიც იყოს მაგრამ, მთლიანობაში შედეგი უკეთესი დადგება.

„ჩვენ რომ დავლოდებოდით იმ დროს, როცა სრული საერთო ეროვნული თანხმობა იქნებოდა მიღწეული, ესეც ალბათ არ იქნებოდა სწორი მიდგომა,“ – აცხადებს კაკულია.

“ქართული ოცნების” წევრი, ჯარიმებთან დაკავშირებითაც საუბრობს და აცხადებს, რომ კარგი იქნება თუ დაჯარიმება პირველივე ჯერზე არ მოხდება, რადგან ეს კანონი ახალია.

„სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი“ დევი ხეჩინაშვილი „ფორტუნასთან“ ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის საჭიროებასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ცვლილები ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ განაპირობა, რომელიც 100 000-ია და მათი უმეტესობა პრობლემდება და არ კომპენსირდება.

„ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. საქართველოში იზრდება ავტომობილების რაოდენობა. მთავრობა ფიქრობს იმ პირებზე, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მესამე პირები იქნებიან. მესამე პირები არიან პირები, რომელთა ავტომობილები გარკვეული სახის ზიანს თავისდაუნებურად იღებენ. მათი ზარალი უნდა იყოს ანაზღაურებული, მიუხედავად იმისა, როგორი ფინანსური შესაძლებლობა აქვს დაზარალებულს,“ – განმარტავს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი.

დევი ხეჩინაშვილი სადაზღვევო კომპანიების არჩევის თავისუფლებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მძღოლებს თავისთვის სასურველი სადაზღვევო კომპანიის არჩევის უფლება ექნებათ.

„სრული თავისუფლება ექნებათ, თუმცა, რაღაც საკითხები ვფიქრობ, კანონმდებლობაში კიდევ უნდა გავაძლიეროთ, რათა სადაზღვევო კომპანიები კონკურენტულად მონაწილეობდნენ ამ სისტემაში,“ – ამბობს დევი ხეჩინაშვილი.

სადაზღვევო ასოციაციის ხელძღვანელის განცხადებით, მძღოლები რომლებიც კერძო დაზღვევით უკვე სარგებლობენ, მათ მაინც მოუწევთ მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის გაკეთება.

„მძღოლი, რომელიც მესამე პირის მიმართ ავტომობილს არ დააზღვევს, დაჯარიმდება. ყველამ უნდა გააკეთოს ეს სისტემური დაზღვევა. რაც შეეხება კერძო დაზღვევას, კერძო პროდუქტები უნდა ადაპტირდეს, მესამე პირის დაზღვევასთან მიმართებაში, ანუ უნდა მოხდეს მაგალითად, ნაწილობრივ დაშენება,“ – განაცხადა სადაზღვევო ასოციალციის ხელძღვანელმა.

დევი ხეჩინაშვილი ე.წ. „ბონუს მაუს“ სისტემაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ შეიძლება ამოქმედდეს ისეთი სისტემა, რომელიც იმ მძღოლების მიმართ, ავტომობილების დაზღვევის წლიური გადასახადის ცვლილებას გამოიწვევს, რომლებიც იშვიათად არიან ავარიის გამომწვევი.

„ეს არის ე.წ. „ბონუს მაუს“ სისტემა, რომელიც სწორედ კონკრეტული მძღოლის კონკრეტული ზარალების ისტორიას ინახავს, ზოგს შეიძლება გაუნახევრდეს პრემია და ზოგს გაუორმაგდეს, იმის მიხედვით, როგორც იქცევა. ეს მეთოდი ერთის მხრივ, სამართლიანიცაა და მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანი აღმზრდელობითი მომენტიც არის, ასე ვთქვათ, ახალისებს იმათ, ვინც იშვიათად არის ავარიის გამომწვევი. ეს საკმაოდ მგრძნობიარე თემაა და ვფიქრობ, მუშაობის პროცესში გამოვლინდება, როდის შეიძლება ამოქმედდეს ეს სისტემა. პირველი ივლისიდან მისი ამოქმედდება არ იგეგმება,“ – განმარტავს დევი ხეჩინაშვილი.

მისივე თქმით, კანონპროექტის ეფექტიანად მუშაობას მთავრობა და კერძო სექტორი უზრუნველყოფს.

კერძო დაზღვევის მქონე ავტომობილებზე საუბრობს, “დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის” უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი თუთარაშვილიც.

მისი თქმით, მართალია, კერძო სადაზღვევო პაკეტებში მესამე პირის დაზღვევა შედის, მაგრამ არ არის კონკრეტული ჩანაწერები, რომლებსაც ახალი რეგულაციები მოითხოვს.

„ვინაიდან ბაზარზე მოქმედი პროდუქტები არ შეიცავს კონკრეტული პირობების გარკვეულ ჩანაწერებს, მათ მოუწევთ აღნიშნული პოლისების რედაქტირება და ახალი სადაზღვევო პოლისის აღება. მძღოლები შეიძენენ ახალ დაზღვევას,“ – განაცხადა ირაკლი თუთარაშვილმა.

ცვლილებას, რომელიც მესამე პირის დაზღვევას ითვალისწინებს, საზოგადოების ნაწილი დადებითად აფასებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ დამატებითი გადასახადი, რომელიც მძღოლებს დაეკისრებათ, მათ დისკომფორტს შეუქმნის, რადგან მისი გადახდის საშუალება არ აქვთ.

გიორგი: „ახალი გადასახადების მოფიქრებას, ჯობია სხვა სასარგებლო ცვლილებები განახორციელონ. ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ ის 100 და 150 ლარი ყოველწლიურად გადაიხადონ. მესმის, რომ საერთაშორისოდ აღიარებულია ეს სისტემა და ბევრი დადებითი მხარეები აქვს, მაგრამ ყველაფრის გადმოღება და ისე გაკეთება, როგორც საზღვარგარეთაა, არ არის მიზანშეწონილი, ჩვენ ქვეყანას უნდა ერგებოდეს.“

ლალი: „დამატებითი გადასახადი არავისთვის არ არის კარგი, მაგრამ ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ვინმე ძვირადღირებულ მანქანას ეჯახება და შემდეგ მისი გაკეთების საშუალება არ აქვს. არ აქვს მნიშვნელობა ძვირადღირებული იქნება თუ არა ის მანქანა, თუნდაც ცოტა თანხა იყოს საჭირო მის გასაკეთებლად, ეს მაინც დისკომფორტს ქმნის. მესამე პირის დაზღვევა ვფიქრობ, აღნიშნულ პრობლემას, როგორც დაზარალებულს, ისე დამზარალებელს შეუმსუბუქებს და უკეთესი იქნება.“

ანი: „მივესალმები აღნიშნულ ცვლილებას. მე პირადად მქონია შემთხვევა, რომ მანქანა დამჯახებია, მაგრამ არ ქონია საშუალება და ვერ გამიკეთა, დამატებითი ხარჯების გაწევა კი, მე მომიწია. თუკი ეს დაზღვევა სავალდებულო იქნება და ყველა შეძლებს, მის მიერ გაფუჭებული მანქანის გაკეთებას, ძალიან კარგი იქნება.“

რამაზი: „ევროპაში არსებული რეგულაციები რომ შემოდის საქართველოში, საინტერესოა, ჩვენ გვაქვს ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა, რომ იგივე რეგულაციამ საქართველოშიც წარმატებით იმუშაოს? არ აქვს ხალხს იმის ფული, რომ ყოველთვიურად დამატებითი გადასახადი იხადონ. ან თუ აქვთ კიდეც, შემდეგ არსებობითვის საჭირო თანხა აღარ რჩებათ. ვიღაცისთვის ის ყოველთვიური 10 და 15 ლარი, ფულია.“

ლექსო: „ძალიან კარგია ეს დაზღვევა, მთავარია ისე გაკეთდეს, როგორც საზღვარგარეთ არის და ცოტახანში ყველა მიხვდება, რომ საჭირო და სასარგებლო ცვლილებაა. ბევრ უსიამოვნებას მოაგვარებს ეს კანონპროექტი.“

ნანა: „ძალიან ცუდია, რომ სავალდებულოა. რატომ მავალდებულებს სახელმწიფო დამატებით ვიხადო თანხა? ვინც თვლის, რომ საჭიროა და შეძლებს გადახდას, კი ბატონო, მაგარამ ვისაც არ აქვს საშუალება, ხომ უნდა გვქონდეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა?
ჯერ ტექდათვალიერება, შემდეგ საპენსიო რეფორმა, ახლა ეს ცვლილება – ეს ყველაფერი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და ხალხს ხელფასი აღარ რჩება. გვქონდეს მაღალი ანაზღაურება და რა პრობლემაა გადავიხდით, მაგრამ არ არის საშუალება და ძალიან ცუდია, მთავრობა ხალხის ფინანსურ მდგომარეობას რომ არ ითვალისწინებს.“

ნინო: „საინტერესოა, რამდენად აანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია ზარალს. კარგი ცვლილებაა, ბევრ უსიამოვნებას აარიდებს ადამიანს თავს, მაგრამ არ მგონია, რომ ყველამ შეძლოს მისი გადახდა. ნებაყოფლობითი რომ იყოს, უკეთესი იქნებოდა.“

ნუგზარი: “ყველა განვითარებულ ქვეყანაშია ავტომობილის დაზღვევა და კარგია თუ საქართველოშიც იქნება. მე მიკროავტობუსი მყავს და უფრო მეტი თანხის გადახდა მომიწევს, მსუბუქი ავტომობილის მძღოლებთან შედარებით. რა თქმა უნდა, დამატებითი გადასახადი არავისთვის არაა სასურველი, მაგრამ თუ გვაქვს პრეტენზია, რომ განვითარებულ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, უნდა გავითვალისწნოთ, რომ ეს ცვლილება აუცილებელია.”

ავტომობილების სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით, საზოგადოების პოზიცია განსხვავებულია. “ფორტუნა” გთავაზობთ თბილისის ფორუმზე არსებულ შეფასებებს, რომლებსაც ავტომფლობელები აკეთებენ.

ყველაზე დიდი სისულელე არის ყველას და ყველაფრის ერთ ტაფაში მოხრაკვა.
მყავს მანქანა და დავდივარ ძალიან ცოტას. თვეში დაახ. 500-600 კმ. მეტს არა…
1- რატომ უნდა ვიხადო 150 ლარი დაზღვევა ამ მანქანაზე მეც და ტაქსისტმაც ან თუნდაც არა ტაქსისტმა რომელიც თვეში 5000 კმ დადის?
2 – 1.000 დოლარიან და 20.000 დოლარიან მანქანებზე რატომ უნდა იყოს ერთი და იგივე სადაზღვევო თანხა.
3 – 30 წლის სტაჟიან და 1 წლის სტაჟიან მძღოლზე რატომ უნდა იყოს ერთი და იგივე თანხა.
4 – რატომ უნდა იხდიდეს ერთი და იგივე თანხას მძღოლი, რომელიც 10 წელიწადში ერთხელ არღვევს და მძღოლი, რომელიც 1 წელიწადში 10-ჯერ არღვევს.
5 – თბილისში ვინც ცხოვრობს და მოძრაობს და ონში ან ჩოხატაურში რომ ცხოვრობს და მოძრაობს, იმათმა ორივემ 150 ლარი რატომ უნდა იხადონ.
და ბოლოს ვინმე აზრიანმა გვითხრას ეს საკანონმდებლო ინიციატივს ეწიააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას და გასაჩივრების რაიმე შანსი თუ არის…
დაზღვევის წინააღმდეგი არ ვარ… პირიქით ძალიან მომხრე ვარ… არ მომწონს “უკუღმართი” დაზღვევა.

მე არასდროს შემქმნია სადაზღვევოსთან პრობლემა. რამდენიმე ავარია ამინაზღაურეს.
სამაგიეროდ ისეთი შემთხვევები ბევრი ვიცი, უნამუსო ხალხი ფულებს რომ აკეთებდა სადაზღვეოებზე და კაწრავდნენ სპეციალურად მანქანას და ანაზღაურებას ითხოვდნენ.
არ აქვს ამას მნიშვნელობა. ინიციატივა არის კარგი. თუ არ შესრულდება, სადაზღვეოები მაიმუნობებს დაიწყებენ, ეგ სხვა ამბავია.
ერთი რამ ფაქტია რა, ავარიის შემთხვევაში შინაურულად არ უნდა გვარდებოდეს საქმეები. ძალიან ბევრ ადამიანს ექმნება მაგის გამო პრობლემა და როგორც წესი პატიოსან ადამიანს.

2 წელია უკვე დაზღვეული მაქვს მხოლოდ მესამე პირზე.
ძაან კომფორტულია: შემთხვევის დროს რეკავ 112 ში ყველა ვარიანტში: თუ შენი ბრალია, დაზღვევა უხდის მეორე მხარეს, თუ იმის ბრალია, მაინც რეკავ, რომ მას გააკეთებინო შენი მანქანა.
ახლა თუ იმის ბრალი იქნება, აღარ მოგიწევს მისი დევნა და შარები. სადაზღვევო დაგიფარავს.

იმ ქვეყნის დონემდე უნდა მივიდეთ ჯერ… ადამიანის ბიუჯეტი რომ იქნება იმხელა, ეგ 150 ლარი თეთრები მოეჩვენოს. მაშინ კომფორტია დაზღვევა ბოლო-ბოლო და არც სადაზღვევოები იქნებიან გამორჩენაზე ასეთ ქვეყანაში, მაგრამ საშუალო საარსებო მინიმუმს კარგა ხანია გაცდა ყოველთვიური ხარჯები და აგრძელებს ცდას, ზოგს გაუორმაგდა ზოგს გაუსამმაგდა …. ასეთ ქვეყანაში, სადაც უმუშევრის დახმარებაც კი არაა და უმუშევრობაა 1 პრობლემა, რომელ დამატებით გადასახდებზე ვსაუბრობთ?
რობინი გვინდა ერთი, მდიდრებს წაართვას, ღარიბებს დაურიგოს და ეგაა. რაღა ჩვენ და რაღა ის გლეხები, შერიფი რომ ბოლო კაპიკებს აცლიდა.

სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ერთ-ერთი წამყვანი სავალდებულო დაზღვევის სახეობაა საერთაშორისო პრაქტიკაში.

 

magti 5g