აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება – შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება.
პარლამენტში განსახილველად წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ცვლილებებს “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც“ ითვალისწინებს. პროექტით დგინდება, რომ აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელების, ან აბრის განთავსების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლის და ასეთი რეკლამის განთავსების დამკვეთის დაჯარიმებას თითოეულისათვის 10 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელდადებულის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.