LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩალიაშვილს ბერას კომპიუტერში შეღწევა დააბრალეს? – ადვოკატი “ფორტუნასთან” მდინარაძის განცხადებას ეხმაურება

769
116871573-625920321639104-3607314265213645615-n

პარტია “ქართული ოცნების’ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ ადამიანურ ტრაგედიაზე მოგონილი ამბების გამოყენება პოლიტიკური რევანშისთვის, ამორალურია.

მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოში მომხდარი გახმაურებული მკვლელობების საქმეების დაკავშირება ბიძინა ივანიშვილთან ბევრჯერ სცადეს, თუმცა მისივე განმარტებით, უშედეგოდ.

მდინარაძე წერს, რომ ასეთი ფაქტი ახლაც მეორდება და მაგალითადბაჩალიაშვილის საქმე მოყავს .

“არაფერი შეიძლება იყოს ისეთი ამორალური, როგორც ადამიანურ ტრაგედიასთან დაკავშირებით მოგონილი ამბების გამოყენება პოლიტიკური რევანშისთვის! ჯერ ახალგაზრდა, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმის დაკავშირება სცადეს ბიძინა ივანიშვილთან და ყველაზე წმინდას – ოჯახს, შვილს მიადგნენ… რა თქმა უნდა უშედეგოდ – მალევე გაიშიფრნენ. ახლა, ოღონდ იგივე გაიმეორონ და ასევე გარდაცვლილ ადამიანს, თამარ ბაჩალიაშვილს მიაყენეს მძიმე შეურაცხყოფა, – დააბრალეს დანაშაული და თქვეს, რომ მან ბერას კომპიუტერში შეაღწია…

სხვა მიზანი არასდროს ქონიათ. არც ახალგაზრდები ადარდებთ, არც გამოძიების შედეგები. მიზანი – რევანში, სამიზნე კი ისევ ბიძინა ივანიშვილია. აქამდე არ ინდობდნენ ცოცხლებს და ათას საშინელებას აბრალებდნენ, ახლა უკვე გარდაცვლილებსაც აღარ ერიდებიან.

მორალურ სტანდარტებზე საუბარსაც თავი რომ დავანებოთ, ისეთ პრიმიტიულ ვერსიებს და სპეკულაციებს თავაზობენ ხალხს, რომ ჩანს, ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ ქართულ საზოგადოებაზე და ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების გონებრივ შესაძლებლობებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ასე არ მოიქცეოდნენ.

აბსოლუტურად ყველას ვალია, საზოგადოების, თითოეული მოქალაქის და პირველ რიგში ჩვენი, ხელისუფლების, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად შევამციროთ მსგავსი შემთხვეების რისკები, ძალადობა, ქუჩის დანაშაულები და ა. შ.(მომხდარ შემთხვევებს, რა თქმა უნდა, სრულყოფილი გამოძიება ჭირდება, რაც კეთდება კიდეც), მეორე მხრივ კი ტყუილი და სპეკულაცია, განსაკუთრებით ასეთ თემებზე, უნდა იყოს უდიდესი სირცხვილი და საზოგადოების უმწვავესი რეაქციით ფასდებოდეს” წერს მამუკა მდინარაძე.

 

 

თამარ ბაჩალიაშვილის მიერ, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერას კომპიუტერში შეღწევის შესახებ ინფორმაცია, გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის ადვოკატს პირველად ესმის.

“ფორტუნასთან” საუბარში მიხეილ რამიშვილი მოუწოდებს მდინარაძეს გაასაჯაროვოს ის პირი ან პირები, ვინც ბაჩალიაშვილს ბერას კომპიუტერში შეღწევა დააბრალა.

“პირველად მესმის ასეთი ინფორმაცია. რომელი დეპუტატიც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა იყოს, თქვას სად და ვისგან გაიგო ეს ამბავი. გაასაჯაროვოს.

ეს რა უბედურებაა, საიდან მოაქვთ მსგავსი ინფორმაციები. პოლიტიკოსებმა პოლიტიკა აკეთონ” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შსს: ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე თვითმკვლელობის მეთოდებს Google-ში ეძებდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები