ფეისბუქმომხმარებელი თიკო თვალაძე საბავშვო ბაგა-ბაღებში ფანჯრებსა და აივნებზე დამცავი გისოსების დამონტაჟებას ითხოვს და ამ მიზნით ხელმოწერებს აგროვებს.
manifest.ge-ზე არსებული პეტიციის მთავარი ადრესატები თბილისის საკრებულო, საქართველოს მთავრობა და თბილისის მერიაა.
ავტორი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს გისოსების გასაკეთებლად ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოს.
“საბავშვო ბაგა-ბაღებში, ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფანჯრებსა და აივნებს გაუკეთდეს დამცავი გისოსები. ეს არის საციცოხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი და იმედია ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად”, – ნათქვამია მანიფესტში.
როგორც საიტზეა მითითებული მანიფესტზე 1000 ხელმოწერაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან აღსაზრდელი გადმოვარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მომხდარზე კი მოკვლევა მიმდინარეობს.