LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბაიას ღვინო” ღვინის ტურიზმის განვითარებას იწყებს

242

კომპანია ”ბაიას ღვინო” რთველისთვის ემზადება.

როგორც „ფორტუნას“ ახალგაზრდა მეწარმემ და ბრენდის შემქმნელმა  ბაია აბულაძემ განუცხადა, წელს 13 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელის,  საიდანაც 8 ათასამდე  ბოთლ ღვინოს აწარმოებს.

”წინასწარ რთულია რამის განსაზღვრა, თუმცა, ვაპირებ 7-დან 8 ათასამდე ბოთლი ღვინო გამოვუშვა. ამასთან, ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ ”ცოლიკაური” და ”ციცქა-ცოლიკაური”, მოსავლის აღების შემდეგ კი მინდა ”კრახუნას” წარმოებაც  დავიწყო”, – აღნიშნა აბულაძემ.

მისივე ინფორმაციით, კომპანიას სიახლე ღვინის ტურიზმის მიმართულებითაც აქვს. ”ბაიას ღვინომ” საკუთარ საოჯახო მარანსა და ვენახებში უკვე მიიღო რამდენიმე ტურისტული ჯგუფი უკრაინიდან, რუსეთიდან და გერმანიიდან. როგორც ბრენდის დამფუძნებელი ამბობს, ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს, რადგან შესაბამისი დაინტერესება არსებობს.

როგორც ბაია აბულაძემ განმარტა,  ”ბაიას ღვინის” რეალიზაცია ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. აღნიშნული ბრენდის  პროდუქცია  30-ამდე ობიექტში იყიდება და მისი ჩასაბარებელი ფასი  22 ლარია.

შეგახსენებთ, „ბაიას ღვინის“ წარმოება 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. ახალგაზრდა მეწარმემ ღვინის ჩამოსხმისთვის საჭირო აღჭურვილობა პროექტ “აწარმოე საქართველოში” დაფინანსების მოპოვების შემდეგ შეიძინა.