აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის პირველი სატელეფონო საუბრისას ჯო ბაიდენმა უკრაინის სუვერენიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველოს შესახებ კი სამწუხაროდ საუბარი არ ყოფილა. – ამის შესახებ საუბრობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი და აღნიშნავს, უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერა ძალიან კარგია, თუმცა ამავე დროს, საქართველოს ოკუპაციის არ ხსენება, დამაფიქრებელია.
„ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ბრძოლა საგარეო ველზე არ არის საკმარისი“,- აცხადებს წერეთელი.
წერეთელის თქმით, ბევრი რამ უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო მაღალი მოლაპარაკებების დღის წესრიგში მუდმივად იყოს.
„ის, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს და ჩამოთვალა ძალიან ბევრი პრინციპული საკითხი, რომელიც ამერიკის ინტერესის სფეროშია, ეს იქნება ბირთვული შეიარაღება, ნავალნის მოწამლვა, დემოკრატიის საკითხები, ენერგეტიკა და სხვა. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერა, ეს არის ძალიან კარგი და იმედს გვაძლევს, მაგრამ ჩამონათვალში საქართველოს სუვერენიტეტი და ოკუპაცია რომ არ არის ნახსენები, ეს არის ძალიან დამაფიქრებელი და მიანიშნებს იმას, რომ გაცილებით მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველო ყოველთვის იყოს ამ მაღალი მოლაპარაკებების დღის წესრიგში.“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.