ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ის მზადაა, ტაივანის დასაცავად ძალა გამოიყენოს. თუმცა, როგორც „როიტერსი“ წერს, ბაიდენმა ასევე განმარტა, რომ ეს პასუხი არ წარმოადგენს კუნძულზე აშშ-ს პოლიტიკის ცვლილებას.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაიცავდა თუ არა აშშ ტაივანს, თავდასხმის შემთხვევაში, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „დიახ.“
როგორც საერთაშორისო მედია წერს, ტაივანზე შტატების პრეზიდენტმა ტოკიოში ვიზიტისას ისაუბრა. მისი პასუხი აღქმული იყო, როგორც ვაშინგტონის ტაივანის მიმართ აქამდე არსებული პოლიტიკიდან გადახვევად, თუმცა, პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ერთგული რჩება.
„ვეთანხმებით ერთი ჩინეთს პოლიტიკას. მოვაწერეთ ხელი და დავდეთ შეთანხმება. თუმცა, ფაქტი, რომ ის ძალით აიღონ, უბრალოდ, წარმოუდგენელია.“– აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. „ერთი ჩინეთის“პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში. როგორც მედია წერს, იგივე შემთხვევა მოხდა ოქტომბერში, როცა ბაიდენმა კითხვაზე, დაიცავდა თუ არა შეერთებული შტატები ტაივანს, თუკი მას თავს ჩინეთი დაესხმებოდა, დადებითი პასუხი გასცა.