გურიაში ჰიდროელექტროსადგურის „ბახვი 1“-ის აშენება იგეგმება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციით განხორციელდება.
„მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ და მოვიწონეთ ენერგეტიკული პროექტი, ეს არის „ბახვი 1“-ის მცირე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, 12 მეგავატი, გურიაში ჩოხატაურის რაიონში. ეს პროექტი მნიშვნელოვანია ჩვენთვის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ქართული წარმოება, ადგილობრივი ელექტროენერგია, მწვანე ენერგია, არამედ მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ეს პროექტი განხორციელდება აშშ-ის ინვესტიციებით“, – განმარტა ნათია თურნავამ.
მისივე ინფორმაციით, პროექტის ინიციატორი გახლავთ აშშ–ის ერთ–ერთი მსხვილი საინვესტიციო ფონდი „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტი“. უფრო სწორად, მისი აფილირებული კომპანია „ცერბერუს ფრონტიერი“, რომელიც ახორციელებს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში პროექტებს.
„ეს იქნება ამ კომპანიის მე-5 პროექტი ენერგეტიკის სფეროში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულ კომპანიას და ინვესტორებს აქვთ სურვილი გააფართოვონ თავიანთი ინვესტიციები საქართველოში, მიუხედავად კორონავირუსისა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.