Balenciaga-მ გეიმინგის ინდუსტრიაში შებიჯება მომხმარებლისთვის მოულოდნელი შეთავაზებით გადაწყვიტა. კერძოდ, მოდის ესპანურმა სახლმა ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად სათამაშო კონსოლი შექმნა, რომლითაც თავის შექცევა ერთადერთი თამაშით – Snake-თაა შესაძლებელი.
კონსოლი, რომელიც შეზღუდული რაოდენობით შეიქმნა, მინიმალისტური დიზაინითაა წარმოდგენილი. მისი კორპუსი, ერთი შეხედვით, პლასტმასისასაც კი ჰგავს. გრძელი ღილაკების მქონე კონსოლს გააჩნია მონოქრომული LCD ეკრანი ლურჯი ნათებით.
Balenciaga-ს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ბრენდის ის მომხმარებლები, რომლებიც Snake-ს – ამ ნოსტალგიურ ინტერაქტიურ თამაშს საკუთარ სმარტფონებში Balenciaga-ს ვებგვერდიდან ან მაღაზიებში QR კოდის მეშვეობით ჩამოტვირთავენ და საუკეთესო შედეგს დააფიქსირებენ, ესპანური მოდის სახლისგან სპეციალურ საჩუქრებს მიიღებენ, მათ შორის ზემოთ ნახსენებ კონსოლს.
შეგახსენებთ, ჩინური კალენდრის მიხედვით გველის წელიწადი 29 იანვარს დგება.