2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს.
მომხდარი პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. „ქართულმა ოცნებამ“ ბავშვის მკვლელობაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა.
გარდაცვლილი ბარბარე რაფალიანცის დედა, თათია მექერიშვილი ამბობს, რომ შვილის გარდაცვალების გამო „ნაციონალური მოძრაობის“ დადანაშაულება “ცხელ გულზე” მოუვიდა.
“ამდენი მინისტრი შეიცვალა, მაგრამ არაფერი გამოძიებულა. მაშინ ნაადრევი გადაწყვეტილება მივიღე, ცხელ გულზე დავადე „ნაციონალებს“ ხელი. ხომ იძახოდნენ „ნაციონალების“ გაკეთებულიაო. ფაქტი სახეზეა. მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში. თუ „ნაციონალების“ გაკეთებულია, რატომ არ გამოიძიეს? გადაბრალება იყო, არა „ნაციონალებმა“ გააკეთეს, არა ოცნებამ გააკეთა და მე ვიჭყლიტებოდი. მეც ვაბრალებდი „ნაციონალებს“, მაგრამ ამ ეტაპზე აღარ ვაბრალებ”, – ამბობს თათია მექერიშვილი „მთავართან“ ინტერვიუში.
2014 წელს პარლამენტმა ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა. გამოძიების შედეგი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია.
2013 წელს ბარბარე რაფალიანცის დედა აცხადებდა, რომ მას შვილი მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ.
ქეთი მექერიშვილი აცხადებდა, რომ 2013 წლის ივლისში გენერალურ ინსპექციაში წაიყვანეს, სადაც ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა უთხრა, თუკი იტყოდა, რომ შვილი თავად მოკლა, 2-3 წელს მიუსჯიდნენ.
