„ბასიანისთვის“ ლუქის მოხსნა რამდენიმე დღით გადაიდო. ამის შესახებ კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ტატო გეთიამ განაცხადა.
გეთიას ინფორმაციით,ლუქის მოხსნის რამდენიმე დღით გადადების შესახებ გამომძიებელმა აცნობა.
„მინდა მოგაწოდოთ ახალი ინფორმაცია. როგორც ჩანს შსს შოკშია პირდაპირი გაგებით. მე დამირეკა საქმის მთავარმა გამომძიებელმა დაახლოებით ერთი საათის წინ და მითხრა, რომ 23-ში, 12:00 საათზე უნდა შევხვედროდი „ბასიანის“ შესასვლელთან და ერთად აგვეხადა ლუქი კლუბისთვის და გადმოეცა გასაღები, თუმცა ზუსტად 15 წუთში გადმომირეკა ძალიან ანერვიულებულმა, უხერხულ სიტუაციაში მყოფმა და მითხრა, რომ კლუბის გახსნა რამდენიმე დღით რაღაც გარკვეული ვადებით გადაიდო. ასევე, მთხოვა, რომ მოვაძებნინო ზვიდ გელბახიანი, ან ტელეფონს უპასუხოს გელბახიანმა. ეს არის ფაქტი იმისა, რომ სამინისტრო არის შოკში, მთელი ეს პროცესი იყო პოლიტიკური აქტი. ისინი ახლაც ვერ ხვდებიან, რა უნდა ქნან და როგორ უნდა ქნან, უკვე საბავშო ბაღს ემსგავსება ეს ყველაფერი და ჩვენ ამ ყველაფერზე გვექნება ძალიან მკაცრი და მტკიცე პოზიცია,”- განაცხადა გეთიამ.