“ქართული ოცნების” ოფისში სხდომა დასრულდა. როგორც სხდომიდან გამოსულმა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, მათ ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვის საკითხი არ განუხილავთ.
“ეკა ბესელია დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა, ამიტომ თავი შევიკავეთ ამ საკითხის განხილვისგან. რაც შეეხება გადადგომას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მას ეს საკითხი ეკა ბესელიასთან შეთანხმებული ჰქონდა ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში,” – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
რაც შეეხება, გადაწყვეტილებას გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევის თაობაზე, ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ორი მიზეზი დაასახელა – პირველი, ეს არის პროცედურული დარღვევა მოადგილის არჩევის დროს და ასევე, პოლიტიკური მიზეზი, რადგან ეს გადაწყვეტილება შეუთანხმებელი იყო ფრაქციასთან.
უცნობია ვინ დაიკავებს გედევან ფოფხაძის თანამდებობას. ამ საკითხს ფრაქცია მოგვიანებით განიხილავს.
“ბატონმა ბიძინამ აცილება მისცა თავის მონაწილეობას ფრაქციის მუშაობაში, მან ბრძანა, რომ როგორც პარტიის თავმჯდომარე, თავს შეიკავებდა კენჭისყრაში მონაწილეობისგან, იქიდან გამომდინარე, რომ ის არ გახლავთ ფრაქციის წევრი,” – განაცხადა ქუცნაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.
ცნობისთვის, სხდომაზე გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, მან პირველ მოადგილედ სწორედ ფოფხაძე წარადგინა.