„წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სადისტურად მოკლეს დათუნა სარალიძე და ამ დრომდე თქვენ საზოგადოებას და მისი ოჯახის წევრებს ეუბნებით, რომ ბუნებაში არ არსებობს დათუნა სარალიძის მკვლელი. როდემდე აპირებთ ამის გაჭიანურებას და რატომ აფარებთ ხელს მკვლელს და ადამიანებს, ვინც თვითონ აფარებდნენ ხელს დამნაშავეებს? იმიტომ ხომ არა, ბატონო გიორგი, რომ თქვენ თავად ხართ დანაშულის დაფარვის თანამონაწილე?!“ – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, თინათინ ბოკუჩავამ შს მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართა.
გარდა ხორავას ქუჩის საქმისა, ბოკუჩავამ გახარიას ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზეც დაუსვა შეკითხვა.
„30 ოქტომბერს დეპუტატი ენზელ მკოიანის უშუალო მითითებით მისმა ძმამ და 40 კაციანმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ უმოწყალოდ სცემეს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის 4 წევრი ახალქალაქში. რატომ არ არის პასუხისგებაში მიცემული დეპუტატი ენზელ მკოიანი? რატომ არის პასუხისგებაში მიცემული მხოლოდ 5 პირი და არა ის 40 პირი, რომელიც მონაწილეობდა თავდასხმაში და რატომ წაუყენეთ მას ბრალი 126-ე მუხლის პირველი ნაწილით? იმიტომ ხომ არა, რომ აპირებთ, რომ მხოლოდ შემოიფარგლოთ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ამ ადამიანების მიმართ, რომელთაც უმოწყალოდ სცემეს ოპოზიციის წევრები?“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
ბოკუჩავა სამისა ისმაილოვას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტსაც შეეხო.
„28 ნოემბრის ღამეს დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისი მერმა დავით შარაზაშვილმა, მისმა მოადგილემ და ბოლნისის საკრებულოს წევრებმა ჯერ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამირა ისმაილოვას, ქალს, ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და შემდგომ ფიზიკურად გაუსწორდნენ გაერთიანებული ოპოზიციის წევრს ნიკოლოზ კაკალაშვილს. ამ ყველაფერს უყურებდა 4 პოლიციელი, ბატონო გიორგი, რატომ არ არის პასუხისგებაში მიცემული დეპუტატი მეშველიანი. თქვენ ხელს აფარებთ დეპუტატების დანაშაულებრივ ქმედებებს და პარლამენტის თავმჯდომარედ გვიზის ადამიანი, რომელიც პირიქით, ახალისებს ამ ძალადობას იმიტომ, რომ პირდაპირ უწონებს მას ამ საქციელს. ასევე, თქვენი მოადგილის, საბანაძის მამა, ემზარ საბანაძე, რომელიც არის ონის მერი, პირადად მონაწილეობდა იმაში, რომ არ მომხდარიყო ნოდარ ბურდილაძის გადაყვანა თერჯოლის საავადმყოფოში და ამის გამო ეს ადამიანი კინაღამ დაიღუპა და კვირების განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს რეანიმაციაში, რატომ არ არის მიცემული პასუხისგებაში ეს კონკრეტული პირი, თქვენი მოადგილის მამა, ემზარ საბანაძე?“ – დასძინა ბოკუჩავამ.